“მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მეწარმეობის განვითარებისთვის, გაატარა მრავალი ღონისძიება და ცნობილია შედეგებიც, მაინც შორს ვართ სასურველი დონისგან”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მკვიდრი, მეცნიერი გურამ ღლონტი და სოფლის მცხოვრებთა სახელით, ეხება არა ერთ საკითხს, რომელიც მისი აზრით, აუცილებლად დადებითად უნდა გადაწყდეს.
_ მიწის რეფორმის დაწყებიდან 25 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მესაკუთრეთა რეგისტრაცია დაუმთავრებელია. ცნობილია, რომ მე-17 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ როცა არ იყო რუკები, ინსტრუმენტები, კვალიფიციური ადამიანები, ტრანსპორტი, მიწის მზომელებს თავს ესხმოდნენ გლეხები _ უილიამ პეტს ერთ წელზე ცოტა მეტი დასჭირდა ირლანდიის მიწების რუკების შესადგენად.
ჩვენთან დღესაც არაა ნათელი მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მოსახლეობას (200-ზე მეტი კომლი) 2008 წლის ბოლოს შეუდგინეს ნახაზი (მიწათმომწყობი გოჩა დარჩია), 2009 წლის დასაწყისში დაურეგისტრირეს ნაკვეთები თითოეულს 0,04 დან 0,5 ჰა-მდე. 2014 წლიდან ზონალობა შეიცვალა. 2017 წელს მესაკუთრეები შეეცადნენ თავიანთი ნაკვეთების დარეგისტრირებას მის შესაბამისად. იუსტიციის სახლის მენეჯერმა არ მიიჩნია საჭიროდ რეგისტრაცია ახლებურად. მესაკუთრეთა მცირე ნაკვეთების (0,04-0,1- 0,2 და ა. შ.) ერთობლივად ეფექტურად გამოყენებისთვის, რათა მესაკუთრეთა ნაკვეთების იდენტიფიკაცია მოგვეხდინა, კვლავ მივმართეთ იუსტიციის სახლს, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი გვითხრა შემდეგი მოტივით _ “მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართი (2400კვ.) არ შეესაბამება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცულ ფართს (2402-38 ზონა, 2401-37 ზონა). მოგვთხოვეს ცალკე სარეგისტრაციო განაცხადი, რისთვისაც მესაკუთრეებისგან მიწათმომწყობები მოითხოვენ 200-250 ლარს (ზოგიერთები 40 ლარსაც სჯერდებიან), _ ამბობს გურამ ღლონტი და აღნიშნავს, რომ თავის დროზე, ეს ნაკვეთები მათ მიუზომა შპს “ფარგალის” მთავარმა სპეციალისტმა გოჩა დარჩიამ.
გურამ ღლონტი და მისი თანასოფლელები ითხოვენ, გაარკვიონ, რატომ არის გასაიდუმლოებული იმ ნაკვეთების ნახაზები, რომლებიც შედგენილია 2008 წელს და დღეს ელექტრონული ვერსია არ არსებობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გასაიდუმლოება შეგნებულად ხდება. ასევე, არასამართლიანია მესაკუთრეების მიერ თანხის გადახდა ახალი სარეგისტრაციო ნახაზის წარსადგენად, როცა მათ შესაბამისი თანხა ერთხელ უკვე გადახდილი აქვთ.
ზოგადად კი, გურამ ღლონტი მიიჩნევს, რომ დასაზუსტებელია კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის შესახებ:
_ არსებული კანონით, 1-1,25 ჰა მიწის ფართობის მესაკუთრე არ იხდის გადასახადს, თუ იგი მას უსასყიდლოდ გადაეცა რეფორმით, ხოლო თუ შეიძინა ფართობის ნაწილი და ამით შეივსო ნორმა (1-1,25 ჰა-მდე), შეძენილზე იხდის გადასახადს. ეს სამართლიანია? ჯერჯერობით, ამ კანონს არავინ ცვლის, თუმცა, სახელმწიფომ უნდა მოისმინოს მოქალაქეების დიდი ნაწილის თვალსაზრისი, _ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ გამოუყენებელი მიწების ათვისებას ხელს შეუწყობს მესაკუთრეებისადმი სახელმწიფოს თანადგომა სხვადასხვა სახის პროექტების გამოყენებით: _ ამასთან, კანონით უნდა გაიზარდოს მესაკუთრეთა პასუხისმგებლობა, რათა გამოიყენონ საკუთრებაში არსებული მიწები საკუთარი ძალებით, იჯარით ან ნაკვეთების გასხვისებით, _ ამბობს გურამ ღლონტი.
“გურია ნიუსი” ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ შპს “ფარგალის” მთავარ სპეციალისტს გოჩა დარჩიას, რომელიც არ ეთანხმება გურამ ღლონტის მოსაზრებებსა და პრეტენზიებს:
_ სოფელ დვაბზუს მოსახლეობის და კერძოდ, ღლონტის მოსაზრებას და პრეტენზიას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ნაკვეთი პირობითად ერთ პიროვნებას ჰქონდა გაკეთებული. როცა დანაწილდა, მერე გასცეს. მოვიდნენ და მითხრეს, 25 ნაწილად უნდა გაიყოსო. შევუსრულე ეს ნახაზი, გავუკეთე ყველას. ეს იყო 2008 წელს. მერე ჩემთან ისინი აღარ მოსულან. ახლახან, ასე ორი კვირის წინ, მოვიდნენ და იკითხეს, როგორ აკეთებთო. მე ვუთხარი, რომ ეს ნახაზები მე გავაკეთე ათი წლის წინ. ავუხსენი, რომ არ მქონდა ადრინდელი ბაზა და თუ მომიტანდნენ დისკებს, გავუკეთებდი. რა უნდა მექნა შიშველი ხელებით? ვუთხარი, რომ მონაცემების გარეშე ვერ გავუკეთებდი.
_ ბატონო გოჩა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ფაქტი, რომ მოქალაქეებს ელექტრონულ ბაზასთან არ აქვთ წვდომა, ნახონ საკუთარი ნაკვეთების ნახაზები?
_ ეს მათ გონიათ, რომ ვუმალავთ. ან სულაც, განზრახ ამბობენ ასე. გულახდილად გეტყვით _ რაც მეტი იქნება მსურველი, ჩემთვის უკეთესი იქნება. არა ერთხელ ვუთხარი მათ, რომ ათი წლის წინ ვინც კურირებდა დვაბზუში მიწის განაწილების საკითხს, იმასთან მოიკითხონ დისკები. ტექნიკური საფუძველი უნდა მქონდეს, რომ მე ნახაზები გავუკეთო. მას შემდეგ 30 კომპიუტერი და სამსახური გამოვიცვალე. დღეს მე მაქვს კერძო კომპანია, ვასრულებთ კონკრეტულ გეოდეზიურ სამუშაოებს. აქ ფასები სტანდარტული ვერ იქნება, რადგან ზოგან მეტი პროცესია საჭირო ნაკვეთის აზომვის დროს, ზოგჯერ _ ნაკლები. მე ნაკვეთის გადაწევის ან გადმოწევის არანაირი უფლება არ მაქვს. გვაქვს უახლესი აპარატურა, გვყავს გამოცდილი სპეციალისტები, რომელთაც ყველანაირი სამუშაოს შესრულება ზუსტად შეუძლიათ. და რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა მიწის აზომვის და რეგისტრაციის სურვილით, ჩვენთვის უკეთესია. რატომ ვეტყვით ვინმეს უარს მომსახურებაზე? _ ამბობს გოჩა დარჩია და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, შესაბამისი დისკის მოტანის შემთხვევაში, მოემსახუროს ნებისმიერ მსურველს.
რაც შეეხება ფასებს, დარჩია ამბობს, რომ სტანდარტს თვითონ ადგენენ, რის უფლებაც მათ აქვთ.