სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადრატული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.
„2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით“, – აცხადებენ სუს-ში.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.