აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციებით. საერთო ჯამში, ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი აღდგომას მოკრძალებულად აღნიშნავდა. სადღესასწაულო სუფრას ამშვენებდა მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, ხაჭაპური, შოთის პური, ყველი, მწვანილი, მწნილი, ხილი და რასაკვირველია, წითელი ღვინო. აი, რაც შეეხება მეფის კარის სააღდგომო სამზადისს, მას მოკრძალებულს ვერ დავარქმევთ, რადგან სამეფო კარზე, -„აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ – გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი.“(ვახუშტი ბაგრატიონი)
სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო „ჭონა“, რომელიც თავისი არსითა და ფორმით ძალიან ჰგავს ალილოს. აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელს სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა, დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.
რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს „გიორგონთობას“ ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.
ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ – ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.
სამეგრელო საინტერესო რიტუალი ჰქონდათ სამეგრელოში. აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის,- ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოს და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.
რაც შეეხება, წითელ კვერცხს, ის ყველა კუთხეში სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს,- დღეს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. სააღდგომო კვერცხის მოხატვა უამრავი ადამიანის ჰობი გახდა, თუმცა, ცნობილი იუველირის, ფაბერჟეს ქმნილებებს ბადალი დღემდე არა ყავს. მის მიერ დამზადებული ულამაზესი დეკორატიული კვერცხები სპეციალურ ყუთებში ინახებოდა და საჩვენებლად მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე გამოჰქონდათ. ფაბერჟე ასლს არასოდეს აკეთებდა. სწორედ ამიტომაა მისი თითოეული ნამუშევარი უნიკალური. ცნობილი იუველირის 47 კვერცხი დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში ინახება.