ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი ნუგზარ ცინცაძის მიერ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ბრალდებებს პასუხობს. სარიშვილის თქმით, ცინცაძე ცდილობს, აუდიტის დასკვნაში გაჟღერებული ბრალდებებს, რომელიც ცინცაძის „ტექ-სერვისში“ მუშაობის დროს გამოვლინდა, პოლიტიკური საფუძველი დაუდოს.
„ისეთი ადამიანის მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, როგორიც ნუგზარ ცინცაძეა, ჩემთვის სირცხვილიც კია. მისი საქციელი აგონიაში მყოფი ადამიანის საქციელია. იგი 2015-2017 წლებში დირექტორის მოადგილე იყო ა(ა)იპ „ტექ-სერვისში“, სადაც ჩვენმა აუდიტის სამსახურმა სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. შესაბამისად, აუდიტის დასკვნა მე პროკურატურას გადავეცი. თავიდან რომ აეცილებინა აუდიტის დასკვნაში გაჟღერებული ბრალდებები, ბინძური საქციელით ეცადა, რომ ყველაფერი ჩვენკენ გადმოემისამართებინა. ის ცდილობს, პოლიტიკური საფუძველი დაუდოს მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ველოდებით გამოძიებას, როგორც მსაჯის საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ზემონახსენებ ა(ა)იპ-ში, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს.
როცა მერობის კანდიდატი ვიყავი, დავდიოდი სოფლებში და მოსახლეობას დავპირდი, რომ „ცანცუიზმი“ ლანჩხუთში დამთავრდებოდა და ამ პირობას შევასრულებ“, _ ამბობს სარიშვილი, რომელსაც აბსურდულ ბრალდებად მიაჩნია, რომ თითქოს ის მსაჯის საქმის გამოძიების საქმეს აჩერებს.