დღეს ლანჩხუთში, სოფელ ჯიხანჯირში 100 წლის წინ, 1918 წლის 11 აპრილს მაშინდელ ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ვაშნართან, ოსმალოებსა და ქართველებს შორის ურთიერთშეტაკების შედეგად დაღუპული გმირები მოიგონეს, სოფლის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
ისტორიის თანახმად, გურული მოხალისეების ასეულმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბიდან მიიღო ბრძანება, რომ ოსმალებისათვის შეეტიათ. მაზნიაშვილის შტაბს პოდპოლკოვნიკი კოსტილი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლაში მონაწილე 35 ადამიანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირიდან იყო.
ჯიხანჯირში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად იდეის ავტორი, არაერთი ომის მონაწილე არჩილ ხოფერია, აფხაზეთის ომის ვეტერანი ელგუჯა ჩხაიძე, ვახტანგ ზენაიშვილი და დაღუპულთა ოჯახების წევრებიც ესწრებოდნენ.
გთავაზობთ იმ 35 ადამიანის სიას, რომლებმაც ასი წლის წინ სამშობლოს ერთიანობას შესწირეს თავი: ივანე გუჯაბიძე, მოსე გუჯაბიძე, კასიანე გურგენაძე, პლატონ გურგენაძე, სერგო გურგენაძე, კალისტრატე გურგენაძე, ვასო გურგენაძე, ბათლომე ილიას ძე ტიკარაძე, ბათლომე ტიკარაძე, მიხეილ კოსტავა, გრიგოლ სარჯველაძე, აკაკი გუჯაბიძე, ლადიკო ტუღუში, ფილიპე ტუღუში, გიორგი გურგენაძე, ვიქტორ ჩხარტიშვილი, იგორ გურგენაძე, თედორე ხომერიკი, ლადიკო გურგენაძე, პანტელეიმონ გუმბარიძე, მიხაკო ფიროღლი, ლევან მეფარიშვილი, ლ. ტიკარაძე, ასალო ტიკარაძე, მოსე ტიკარაძე, სოლომონ მშვიდობაძე, სიმონ ტიკარაძე, სიო ტიკარაძე, ი.მ. ტიკარაძე, ვასო გუჯაბიძე, პილატე ტუღუში, ნესტორ გურგენაძე, ლადიკო გუმბარიძე. მათ გვერდით იბრძოდნენ ქვიანელი იური აროშიძე და სუფსელი კალისტრატე ღლონტი.
სამომავლოდ ამ გმირების სახელზე ჯიხანჯირის ეკლესიის ეზოში მემორიალური დაფის დადგმაც იგეგმება.
„ამ ადამიანების სია ჩვენ არჩილ ხოფერიამ გადმოგვცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. ეს ადამიანები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის. მათ ხსოვნას ყველამ უნდა მივაგოთ პატივი და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს და მათ გმირობაზე თაობები გაიზარდოს”, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.