,,ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს. მისი თქმით, მარგველაშვილი მათთვის საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
,,ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილი თავიდან აირჩიეს როგორც „ოცნების“ კანდიდატი, მაგრამ შემდეგ მან შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ბევრ საკითხში გვიჩვენა სერიოზული პრინციპულობა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანს ესმის, რას ნიშნავს დემოკრატია და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი“, _ განაცხადა ნაჭყებიამ.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ექნება თუ არა საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერა გიორგი მარგველაშვილს _ამ საკითხზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრს სერგი კაპანაძეს ვესაუბრეთ. კაპანაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის ბოლოს მიიღებენ.
,,საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ აპრილის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ვანსა და ხონში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება. ,,ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. დისკუსია გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტულ ადამიანზე არ ყოფილა მსჯელობა. ამჟამად მთლიანად გადართული ვართ ვანისა და ხონის არჩევნებზე“, _ განაცხადა სერგი კაპანაძემ.