შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საქართველოში 1430 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 107 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, აღნიშნული მონაცემები შარშანდელ ამავე პერიოდის მონაცემებს უტოლდება, რეგიონები საგზაო უსაფრთხოების მიღმა არის დარჩენილი და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
„ყოველწლიურად უნდა ვატარებდეთ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებელ ღონისძიებებს, რაც ყოველ წელს წინა წელთან შედარებით უკეთესს გახდის, ანუ შემცირდება ავტოავარიებში დაღუპულთა და მძიმედ დაშავებულთა რიცხვი.
მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემები თითქმის უტოლდება შარშანდელ იგივე პერიოდის მონაცემებს და ნამდვილად ვერ შევაფასებ დადებითად. იმიტომ რომ ის ერთიანი ხედვა, რაც ევროპულ ქვეყნებს აქვთ და რასაც უნდა მიაღწიონ, ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის განახევრება 2020 წლისთვის.
2011-2020 წლები გამოცხადებული გაეროს მოქმედების დეკადად და ევროპის ყველა ქვეყანა აქტიურად ჩართულია მოქმედებაში, ატარებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წამყვანი რგოლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა და იგი გზებზე უსაფრთხოების საკითხებში ჩართული სამინისტროებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომდგენლების კოორდინაციის ფუნქციას ასრულებს. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც გზებზე სიკვდილობა რადიკალურად შეამცირეს გვეუბნება, რომ წამყვანი უწყების ფუნქცია არა მხოლოდ კოორდინაცია უნდა იყოს, არამედ ინდიკატორების განსაზღვრის, მიმდინარე პროცესის მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის ფუნქციაც უნდა გააჩნდეს, რათა დასახული მიზანი (გზებზე სიკვდილობისა და დაშავებულობის შემცირება) მიღწეულ იქნას.
უწყებათაშორისი კოორდინაციის მონაწილე მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტია. არც ერთი რეგიონის არ არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და შესაბამისად რეგიონები ფაქტიურად საგზაო უსაფრთხოების მიღმა არის დარჩენილი“, _ ამბობს ლალიაშვილი.
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გზების მშენებლობისას ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების კომპონენტებს არ ითვალისწინებენ, რაც გზებს საფრთხის შემცველს ხდის.
მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ საერთაშორისო გზებზე თბილისთან შედარებით საგზაო შემთხვევების რიცხვი დაბალია, თუმცა, ორჯერ მაღალია დაღუპულთა რაოდენობა.
„გზების მშენებლობისას როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში, ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინება ნაკლებად ხდება. საგზაო დეპარტამენტი აკეთებს საერთაშორისო მნიშვნელობის გზებს, სადაც თბილისთან შედარებით საგზაო შემთხვევების რიცხვი დაბალია, თუმცა, ორჯერ მაღალია დაღუპულთა რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ ეს გზები უსაფრთხო არ არის. მსოფლიო ბანკის სტანდარტებით, ინფრასტრუქტურის მშენებლობის 10% ამ გზების უსაფრთხოების კომპონენტში უნდა იქნას გათვალისწინებული“, _ ამბობს ის.
როგორც ლალიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლა არ ხდება, რაც ბადებს ვარაუდს, რომ რეალურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღწერილი.
„სტატისტიკური მონაცემები კი არის აღრიცხული, მაგრამ რამდენი ადამიანი იღუპება ზუსტად არ ვიცით, რადგან თუ ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ავტოსაგზაო შემთხვევიდან 24 საათის შემდეგ გარდაიცვალა, ის უკვე აღარ არის შესული სტატისტიკაში. ამიტომ სავარაუდოა, რომ უფრო მეტი ადამიანია დაღუპული. არ არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს და შსს-ს შორის, ასევე რეგიონებში არ ხდება სრულყოფილად სტატისტიკის შეგროვება. ასეთი ჩაშლილი სტატისტიკის არ არსებობა კი ხელს გვიშლის, რომ დავინახოთ ის სურათი, რაც რეალურად გვაქვს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ვიბრძოლოთ. ასევე მნიშვნელოვანია, როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ვიცოდეთ შემთხვევა რისი ბრალია. ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის ბრალდება მძღოლს. რიგ შემთხვევაში საგზაო შემთხვევა შესაძლოა გამოწვეული იქნას ავტომობილისა თუ ინფრასტრუქტურის გაუმართაობით.
ადამიანზეა მორგებული ქალაქის გარემო თუ ის ორიენტირებულია ადამიანზე, ეს იქნება გადასასვლელები თუ ტროტუარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ სუფთა ჰაერი ქალაქში. ზოგ ადგილას დედაქალაქში უწყვეტი მოძრაობის გზაზე არის ზებრა გადასასვლელები შუქნიშნის გარეშე დახაზული, რაც მაღალ რისკს ქმნის ქვეითებისთვის. უნდა ანალიზი გავუკეთოთ იმას, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ადგილას ზებრის დახაზვა“, _ ამბობს ლალიაშვილი და აღნიშნავს: „შარშან გატარებულმა ქულათა სისტემის რეფორმამ, მართალაც მაღალი შედეგი მოგვცა, თუმცა მიმდინარე წელს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ვერ ვხედავ ისეთ ხელშესახებ რეფორმას, რომელიც დარწმუნებით გვათქმევინებს მომასწავებელ პროგრესზე. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანაზე უმნიშვნელოვანესია რეგულაციების შემოღება. ეს იქნება სამგზავრო სავარძლები ბავშვებისთვის თუ უკანა ღვედები.
ავტოსაგზაო შემთხვევების არასრული აღწერით გამოწვეული პრობლემების შესახებ საუბრობს „გურია ნიუსთან“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დათო მესხიშვილი.
„სტატისტიკა, სამწუხაროდ, სრული არასოდესაა. გარდაცვალებულთა რაოდენობას ვიგებთ, მაგრამ ავტოავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა. მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამი პირი საჭესთან _ ეს ზედაპირული ცოდნაა და არ გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად. შსს-მ უნდა მიიღოს დროული გადაწყვეტილება, რომ დაინერგოს სისტემა სტატისტიკის წარმოების, რაც საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ ავტოსაგზაო შემთხვევების ზუსტი მიზეზი“.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე და საჭირო ცვლილებებზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში არსებული კანონმდებლობა ნასვამ პირებთან დამეგობრებულია.
„ვფიქრობ, კანონმდებლობაში არის პრობლემები და ცვლილებებია საჭირო. ჩვენ არ ვიყავით მომხრე, რომ 100-ლარიანი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის 50 ლარი გამხდარიყო. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა არის ცოტა და არ ითვლება მძიმე დანაშაულად. ასევე, პირებთან. ევროპულ ქვეყნებს თუ შევადარებთ ძალიან დამეგობრებული კანონმდებლობა გვაქვს ნასვამ პირებთან, რომლებსაც პოტენციური მკვლელები ეწოდება. 6 თვით მართვის უფლების შეჩერება და 3 თვის შემდეგ გამოტანა მართვის მოწმობის ან ჯარიმით ან შეწყალების აქტით, რაც საპატრულო პოლიციას შეუძლია, რომ გამოწეროს თავისთავად ცხადია, რომ არის ძალიან დამეგობრებული ნასვამ პირებთან“, _ ამბობს მესხიშვილი.
მისი თქმით, უნდა მოხდეს „შავი წერტილების“ განსაზღვრა, რომ ზუსტად განისაზღვროს ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის უყურადღებობის ბრალია თუ არასწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურის.
„მნიშვნელოვანია, შავი წერტილების განსაზღვრა, რაც ბევრია. მაგალითად, ბათუმში არის ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც სულ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, თბილისში არის რამდენიმე ასეთი ადგილი. როგორც წესი, მძღოლია ხოლმე დამნაშავე, მაგრამ არ ხდება შესწავლა. მძღოლი შეიძლება აშავებდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ მძღოლის დანაშაულმა არ გამოიწვიოს მსხვერპლი. ამ მიმართულებით პრევენციას არ ვახდენთ, თბილისში, მაგალითად, შსს-დან ვიცით ბელიაშვილის ქუჩა, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, მაგრამ ქუჩის გარდა ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტული წერტილი, სადაც უნდა გადიოდეს ექსპერტთა ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს გარეგანათების, გამწვანების, შუქნიშნების სპეციალისტი ან სხვა ინფრასტრუქტურის და უნდა იგეგმებოდეს პრევენციული ღონისძიებები. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი არ მუშაობს და ზოგადად, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, რომ არასამთავრობოები უახლოეს პერიოდში კომუნიკაცია გვექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ დეტალების გარჩევას ვეცდებით და გარკვეული რეკომენდაციები მიწოდებას“, _ ამბობს მესხიშვილი.