დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაიონულ სასამართლოში, სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული. მოსარჩელე ავთანდილ მექვაბიშვილის სასარჩელო განცხადება, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ მის გათავისუფლებას ეხებოდა. მექვაბიშვილი მერს უკანონოდ გათავისუფლებას ედავება და ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას ითხოვს.
მოსამართლემ ვალდებულებები შეახსენა ორივე მხარეს და მათ გულშემატკივრებს, განაცხადა, რომ მოცემული პროცესი არის მოსამზადებელი სხდომა და პირველ რიგში, მოსარჩელე მხარის მოსმენა ითხოვა.
ავთანდილ მექვაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ხუროშვილმა სარჩელის გაცნობისთანავე განაცხადა, რომ მათ წარმოადგინეს მერიიდან გამოთხოვილი საშტატო ნუსხა და გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს. როგორც მან განმარტა, დოკუმენტაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლო პროცესზე საქმის განხილვისას.
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, იურისტმა მიხეილ შილაკაძემ მოითხოვა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ახლანდელი უფროსის მაკა ჭყონიას პროცესში ჩართვა.
_ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორად უკვე დანიშნულია ახალი ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია. თუ სასამართლოს შემდეგ მექვაბიშვილის აღდგენა მოხდა, შეილახება ჭყონიას ინტერესიც. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია პროცესში მისი ჩართვა, _ თქვა შილაკაძემ.
ხუროშვილმა განაცხადა, რომ მათ ჭყონიასთან არ აქვთ პრეტენზია და აქედან გამომდინარე, არ თვლიან საჭიროდ მის ჩართვას.
_ ჩვენ გავასაჩივრეთ აქტი, თორემ ჭყონიასთან რა საქმე გვაქვს? _ თქვა ხუროშვილმა.
მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ ქალბატონ მაკა ჭყონიას პროცესში ჩართვა არაფერს შეცვლის.
„შესაძლოა, მას შედეგი შეეხოს. მისი ინტერესები სასამართლოსთვის არ არის მნიშვნელოვანი“, _ თქვა მოსამართლე ციცინო როხვაძემ, რითაც გადაწყდა, რომ მაკა ჭყონია პროცესში არ ჩაერთვება.
მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა მიხეილ შილაკაძემ სასამართლო პროცესის გადადება ითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გადმოცემულ დოკუმენტაციის გასაცნობად დრო სჭირდებათ.
მოსამართლემ გაითვალისწინა შილაკაძის მოთხოვნა სასამართლოს გადადების შესახებ და მომდევნო პროცესი 23 აპრილს, ორშაბათს, 14 საათისთვის ჩანიშნა.
მოსარჩელე ავთანდილ მექვაბიშვილმა „გურია ნიუსთან“ ისაუბრა:
_ ეს იყო ჩვეულებრივი საქმიანი განხილვა. მინდა, სამართლებრივად გადაწყდეს ყველაფერი, ზედმეტი მითქმა-მოთქმის გარეშე. სკოლამდელი ცენტრის ახლანდელ დირექტორთან მაკა ჭყონიასთან მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჩვენ ვდაობთ კანონიერი გზით და საქმე სასამართლოს მივანდეთ. კოტე შარაშენიძემ გამათავისუფლა უკანონოდ. მე ასე ვთვლი. უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მალე დაინახავს მთელი საზოგადოება, რა როგორ დამთავრდება. მაქვს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი, _ თქვა მან.