საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო რეფორმაციის” დამფუძნებლის ანდრო ბარნოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მას გამარჯვების შანსი არ ექნება. ხოლო რაც შეეხება ,,ქართულ ოცნების“ კანდიდატს, როგორც ბარნოვი აცხადებს, დღეს მმართველ გუნდში ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს არ ჩანს.
,,გიორგი მარგველაშვილი კომიკური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, ეს არავისთვის არის სადავო. ის დააყენებს თუ არა კანდიდატურას არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი პოლიტიკური წონა ძალიან დაბალია. რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას“ და მის დღევანდელ ე.წ. ლიდერებს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ დღევანდელ სახეებში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის შანსი შეიძლება ჰქონდეთ. თუ ისინი გარედან მიიზიდავენ საინტერესო საპრეზიდენტო ფიგურას ეს არ ვიცი, მაგრამ არსებულ სახეებს შორის ასეთი ფიგურა არ ჩანს“, _ განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
ცნობისთვის, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.