დღეს, ოზურგეთში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ, რომელიც სახლის სხვენში ფაროსანას და სხვა მწერების საწინააღმდეგოდ წამლავდა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება _ ზოგი ამტკიცებს, რომ გამოიყენა „რაღაც ფხვნილი“, ზოგიც, მაგალითად, შემოქმედის მკვიდრი, გარდაცვლილის მეზობელი მერაბ ჯახვა ამბობს, რომ თემურ ონიანმა შარშან მიღებული პრეპარატი გამოიყენა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს, როცა ფარონას საწინააღმდეგო პრეპარატი რიგდებოდა, განსაკუთრებული აქცენტი იყო გადატანილი იმაზე, რომ სახლის სივრცეში არ შეიძლებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პრეპარატის გამოყენება.
სურსათის ეროვნული სააგენტო გამორიცხავს, რომ გურიაში მამაკაცის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შესაწამლი პრეპარატი შეიძლება გამხდარიყო – ამის შესახებ სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ „აგრო სიახლეებს“ განუცხადა. ლიპარტია, ასევე, განმარტავს, რომ სხვენსა და დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო პესტიციდების გამოყენება, თუმცა, ლეტალურ შედეგს დახურულ სივრცეში პრეპარატის სწორი კონცეტრაციაც კი არ გამოიწვევდა, ზიანის მაქსიმუმი მსუბუქი ინტოქსიკაცია იქნებოდა. მან მაგალითისთვის სათბურები დაასახელა, სადაც მსგავსი პესტიციდები გამოიყენება, თუმცა, ნორმების დაცვით ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის.
ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაარეგისტრირა რამდენიმე პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მწერების, მათ შორის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საცხოვრებელ და სხვა ტიპის დახურულ სივრცეში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან პესტიციდების გამოყენების წესები, ყურადღებით წაიკითხონ და გაეცნონ ეტიკეტებზე დატანილ ინფორმაციას.
ზურაბ ლიპარტია გურიაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექსპერტიზის შედეგებს დაველოდოთ.