„პარტია „ქართული ოცნება“ სერიოზულ რეფორმებს გადის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, სადაც ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა რეგიონში გახორციელებულ და გასახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და პარტიის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა:
_ რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში “ქართული ოცნების” გვერდით დადგნენ და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანეს.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულს, პარტიის ხელმძღვანელებს, ყველას _ მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან, ჩავრთოთ ახალგაზრდობა აღმშენებლობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქვეყნო კონსოლიდაციისთვის, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ რომ დღეს გამართულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს.