მმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე ,,ქართული ოცნების“ დატოვებას ამ ეტაპზე არ აპირებს _ ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა. ,,ქართული ოცნების“ წევრის თქმით, უმრავლესობაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთან ერთადაც წარსულში იბრძოდა და მომავალშიც მათთან ერთად ბრძოლას აპირებს.
,,ჩვენ ველოდებით უმრავლესობის სხდომას, ველოდებით იმ მოტივაციით, რომ სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არა მგონია, რომ წინასწარი ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ზედმეტი მსჯელობა ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებზე, იმ პრინციპებზე, რამაც გაგვაერთიანა. რომ მიმაჩნდეს უნდა გავიდე გუნდიდან, აქამდე გავიდოდი. ახლა ველოდები უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობაში ძალიან ბევრი თანამებრძოლი მყავს, რომელთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძოლებ მომავალში“, _ განაცხადა ფოფხაძემ.