სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მეშვიდეკლასელზე ძალადობას ასახავს, გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია მოყვა.
მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას მოძალადე ბავშვების სკოლიდან გარიცხვას სთხოვენ, თუმცა, დირექტორი ამბობს, რომ მას მოსწავლეების გარიცხვის უფლება არ აქვს.
როგორც „გურია ნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ასათიანმა განუცხადა, ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ, გარკვეული ზომების მიღება კი გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ჩვენ ქმედებებს ვერ გავახორციელებთ. ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორც ძალადობის მსხვერპლ, ასევე, მოძალადე ბავშვებთან. საქმის კურსშია სოცმუშაკიც“, _ ამბობს ასათიანი.
საგამოძიებო მოქმედების და ფაქტის მოკვლევის მნიშვნელობაზე საუბრობენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ფაქტზე რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე მოხდა, თუმცა, რადგან არც ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებული არ არის, სოციალური მომსახურების სააგენტოც პროცესში ჩართული აღარ არის.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ.
„ყველა სტრუქტურას აქვს თავის კომპეტენცია. სააგენტომ მოახდინა იდენტიფიცირება, გადაამისამართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ბავშვებთან სკოლის ფსიქოლოგები მუშაობენ. განათლების სამინოსტროს აქვს მანდატურის სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია ძლიერი ფსიქოლოგებით და მიმდინარეობს გამოძიება“,_ამბობს ის.
ეთერ ცხაკაია ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებთან ფსიქოლოგი თვენახევარია, დაახლოებით, რაც მუშობს.
„ამ ბავშვების ქცევაში, სავარაუდოდ, რაღაც შეამჩნიეს, რის გამოც, უკვე თვე ნახევარია ფსიქოლოგები მუშაობენ“,_ ამბობს ცხაკაია.
როგორც ცნობილია, ვიდეო, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მე-7 კლასელზე ძალადობას ასახავს სექტემბერშია გადაღებული, თუმცა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
„გურია ნიუსმა“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურთან გადაამოწმა.
როგორც მანდატურის სამახურში ამბობენ, გამოძიების პროცესის დასრულებამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.