ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც მანდატურს უფლებამოსილება უფართოვდება. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ხდება შიდა და გარე პერიმეტრზე კამერების დამონტაჟება.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. მეორე, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არსებობს სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საფუძველი და საშიშროება შსს-მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. იზრდება ასევე, მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ, იცვლება მანდატურის დანიშვნის წესი და მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, მას აღარ დანიშნავს სკოლის დირექტორი, რაც, გარკვეულწილად, გაზრდის მის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ეს კანონპროექტი იცავს იმ ბალანსს, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მეორე მხრივ, მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის“, _ განაცხადა მეზვრიშვილამა.