,,სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინების გამო, რასაც ვემიჯნები და ვგმობ“,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. კილაძის თქმით, ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგიური შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ამიტომ მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა აუცილებელი.
,,ვფიქრობ, დემოკრატიულ-სამართლებრივ საზოგადოებაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადგილი არ არის, ეს არის ცალსახად დასაგმობი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილი არის მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩინებით, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. რაც შეეხება სამართლებრივ ჩარჩოს, ვფიქრობ, არის გარკვეული სამუშაო ჩასატარებელი. გარკვეული რეგულაციები ისე არის მოსაქცევი, რომ რელიგიის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მგონია, რომ ისე, როგორც ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია, ამ ბალანსს დავიცვათ“, _ განაცხადა კილაძემ.