გასულ უქმეებზე დაიწყო და 23 აპრილს დასრულდა ევგრაფ შევარდნაძის სახელობის „ევგრაფის თასად“ წოდებული პირველი გათამაშება, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და გურიის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია, რომელიც უშუალოდ ორგანიზებას უწევდა ამ ტურნირს.
გათამაშებაში ოთხი რეგიონის 2004-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრები გუნდი მონაწილეობდა. მასპინძელი გურიის ნაკრებთან ერთად სამეგრელოს, იმერეთის და აჭარის ნაკრები გუნდები იბრძოდნენ ამ ახალი თასის მოსაპოვებლად, რომლებმაც წრიული სისტემით ერთმანეთში სამ-სამი შეხვედრა გამართეს.
პირველ დღეს გურიის გუნდი იმერეთის თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:2 მარცხიც იწვნია. მეორე შეხვედრაში აჭარის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია სამეგრელოს ნაკრებს.
მეორე ტურში ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. გურია – სამეგრელო 1:1 დასრულდა, ხოლო იმერელთა და აჭარელთა შეხვედრამ უგოლოდ ჩაიარა.
ყველაფერი დასკვნით, მესამე ტურში უნდა გარკვეულიყო. თავდაპირველად იმერეთის ნაკრები სამეგრელოს ნაკრებს შეხვდა და მართლაც საინტერესო დაპირისპირება გამოვიდა. თამაშის დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე სამეგრელოს გუნდი იგებდა 1:0-ს, მაგრამ დარჩენილ დროში იმერელმა ჭაბუკებმა სასწაული შეძლეს, ერთბაშად სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ტურნირის ჩემპიონობისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.
და მაინც, ყველაფერი დასკვნით შეხვედრას უნდა გაერკვია, სადაც აჭარის ნაკრები გურულ თანატოლებს ხვდებოდა და 4 ბურთით მოგების შემთხვევაში ტურნირის ჩემპიონიც ხდებოდა. ასეც მოხდა, ბოლო წამებში გატანილი გოლის წყალობით აჭარამ 4:0 მოიგო და ბურთების უკეთესი სხვაობით იმერეთს აჯობა. მესამე ადგილი სამეგრელოს გუნდს ერგო, მეოთხეზე კი გურია გავიდა.
ტურნირის დასრულებას საუკეთესოთა დაჯილდოება მოჰყვა. გურიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული თასებით, მედლებითა და სიგელებით ოთხივე გუნდი დაასაჩუქრეს. ნომინაციებში კი საუკეთესო მეკარეს ერეკლე სარიშვილი(გურია) დასახელდა, საუკეთესო მცველი გიორგი მიქელაძე(აჭარა), საუკეთესო ნახევარმცველი – რომან მორჩილაძე(გურია), საუკეთესო თავდამსხმელი – გელა ჭანტურია(სამეგრელო).
რაც შეეხება შევარდნაძეების ოჯახის მიერ დაწესებულ პრიზებს, ის ერგოთ საუკეთესო ფეხბურთელს საბა ზოიძეს(აჭარა) და ყველაზე პატარა მონაწილე ამირან ჩაგუნავას(გურია).