შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კასპის სოფელ ფერმაში მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
„კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გავხსენით. დაკავებულია 2 პირი. ამოღებულია ნივთმტკიცებად გატაცებული ოქროს ნივთები. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მათგანს ამნისტია 2013 წელს შეეხო და საპატიმრო დაწესებულება დატოვეს 2016-2017 წელს. კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ ასეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით მართლმსაჯულების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც შეწყალების, ისე ამნისტიის კომპონენტში“,_განაცხადა ჭელიძემ.
როგორც ცნობილია, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს თავს 3 ნიღბიანი, შეიარაღებული პირი დაესხა. მათ ოჯახის წევრები ჯერ დააბეს, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260 – მუხლით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ყაჩაღებმა 3 ადამიანი ჯერ დააბეს, შემდეგ დაჭრეს
მამაჩემს სახე აქვს დასერილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, – ალიოღლები ყაჩაღურ თავდასხმას იხსენებენ