ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას და აუდიტის დასკვნას განიხილავენ.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირაკლი ახობაძე დაინტერესდა, როგორ მოახერხა აუდიტორულმა ფირმამ “ლაზიკა აუდიტმა” 5 დღეში გაეკეთებინა დასკვნა:
_ მე გამოცდილი აუდიტი ვარ, შესაბამისი სერთიფიკატები მაქვს და 2 საათიც მეყოფა დასკვნის გასაკეთებლად, _ ასე უპასუხა ახობაძეს სხდომაზე მყოფმა აუდიტორმა, რამაც დარბაზში მყოფთა რეპლიკებიც გამოიწვია:
_ კაცი ეს ყოფილა, ბიუჯეტის აუდიტს თუ ორ საათში აკეთებს, _ აღნიშნეს დეპუტატებმა
ირაკლი ახობაძის თქმით, დასკვნა არაა სწორი და ბალანსი არ ჯდება:
_ სარეზერვო ფონდის გახარჯვაში 48 000 ლარი გიწერიათ. ჩვენმა ფრაქციამ გამოითხოვა ბრძანებები და სხვა ჯამია. არასწორია ეს დასკვნა და ამაში ჩვენ ფული გვაქვს გადახდილი. გაასწორეთ ყველაფერი და ისე შემოიტანეთ,_ მიმართა ახობაძემ აუდიტორული ფირმის წარმომადგენლებს.
“ლაზიკა აუდიტის” აუდიტორების თქმით, ყველაფერი კანონის შესაბამისია და დასკვნაში შეცდომები არ არის.
ახობაძის თქმით, ის ჩასაფრებული პოზიციიდან არ საუბრობს და მისი მიზანი სწორი დასკვნის დადებაა:
“გავიწვიოთ უკან ეს დასკვნა. დავსხდეთ, ერთად ვიმუშაოთ და მოვიყვანოთ შესაბამისობაში“, _ აღნიშნა ახობაძემ.
ახობაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ მიმართა და უთხრა, რომ მას დრო საკმაოდ ბევრი ჰქონდა სამუშაოდ: _ ახლა რომ ამბობთ, ვიმუშაოთო, მაგას გთხოვთ ამდენი ხანია. საფინანსო კომისიის წევრობაზეც კი უარი თქვი და არ შეიძლება ასე,_ მიმართა მამალაძემ ახობაძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ კომისიაში აუცილებლად შევა.