პროექტის ფარგლებში ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა.
შეხვედრას გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, პროექტის დირექტორი ნანა თავდუმაძე, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელი, მინდია სალუქვაძე და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები, ირინა ცინცაძე და გიორგი ავაზაშვილი დაესწრნენ.
სხდომა, ამჯერად, პროექტის ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსს დაეთმო.
სამეთვალყურეო საბჭომ პროექტით დაგეგმილი საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია განიხილა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.
მცირე გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.
აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შუძლიათ გურიის რეგიონში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე გურიის რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირებსა და არსებულ საინიციატივო ჯგუფებს. მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი უწევს. პროგრამის ღია კარის დღე ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ოფისში 30 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კონკურსის მონაწილეები აპლიკაციის გაგზავნის პროცედურებს გაეცნობიან. წარდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი.
პროექტს ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან ერთად ახორციელებს. (R)