ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძარს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ებრძვიან, თუმცა, ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს , ცეცხლი მიუდგომელ ადგილასაა გაჩენილი და ცოცხალმა ძალებმა მისი ლოკალიზება ჯერ ვერ შეძლეს.
„ხანძარი ლოკალიზებულიც კი არ არის, არა თუ ლიკვიდირებული. მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოხდეს სწრაფად ლოკალიზება. ხანძარი არის საკმაოდ მიუდგომელ ადგილას. ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა. ამ ტერიტორიაზე ვერ შედის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. საჰაერო ძალების ჩართვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ცოცხალ ძალას შეუძლია გამკლავება, მაგრამ თუკი გართულდება ვითარება, ბუნებრივია, ვერტმფრენს ჩავრთავთ და სხვა ზომებიც იქნება მიღებული სიტუაციის მიხედვით. რაც შეეხება ფართობს, ჯერ ვერ ვამბობთ, ვიდრე ხანძარი არ იქნება ლოკალიზებული. ადგილზე ახლა 60 მეხაძნრე-მაშველია და მას კიდევ დაემატება ჯგუფები“, _ ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ბორჯომში, საკირეს ტყეში, სოფლიდან 7 კილომეტროს დაშორებით ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ტყეში ხანძარის გასული წლის აგვისტოშიც ებრძოდნენ.
არსებული ინფორმაციით, 20-26 აგვისტოს ხანძრის შედეგად ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, 752 ჰექტარი ტყეა დამწვარი, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.