თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2008 წლის 28 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრი დაედო. მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2017 წლის 27 იანვარის დადგენილება „მსჯავრდებულ თემურ ბასილიას მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“ და ახალი გამოძიების შედეგად წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ თემურ ბასილია წინა ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნიშნით იქნა დევნილი.
თემურ ბასილიას ადვოკატების, არჩილ კაიკაციშვილისა და გია ტაბლიაშვილის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრინციპული მნიშვნელობისაა და მადლობას იმსახურებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიება, რომელმაც თემურ ბასილიას უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო. სასამართლომ შეძლო საქმეში ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის აღდგენის პროცესში, აღნიშნულს მაღალი რწმენის მნიშვნელობა აქვს. თემურ ბასილიას, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შედეგად, საშუალება ექნება თავისუფლად დაბრუნდეს სამშობლოში. „ჩვენ ვართ უფლებამოსილი, ბატონი თემურის სახელით, მადლობა ვუთხრათ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“ – განაცხადეს ადვოკატებმა.
მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. წინა ხელისუფლების უკანონო მოქმედებები და ბრძანებები სასამართლოს წინაშე დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც. მოწმეებმა გამორიცხეს თემურ ბასილიას მიერ ბანკის სამსახურეობრივი მფარველობა, ისაუბრეს ასეთი დაშვების სამართლებრივი და ფაქტობრივი ხასიათის შეუძლებლობაზე და დეტალურად გაიხსენეს თემურ ბასილიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. თემურ ბასილიას საქმე მოხვდა 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც.
თემურ ბასილიას უკანონო მსჯავრდების საქმე მოსამართლეებმა: მაია ხოლოაშვილმა (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილმა და მზია ლომთათიძემ განიხილეს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 2017 წლის აპრილიდან დაიწყო. თემურ ბასილიას კანონიერი ინტერესები: არჩილ კაიკაციშვილმა და გია ტაბლიაშვილმა, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ანრი არსენიშვილმა, თინათინ მახარაძემ და გიორგი მიქავამ წარმოადგინეს. საქმეზე სამოქალაქო ადვოკატირება განახორციელეს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“.