უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაზე შეთანხმება ვერც გუშინ გამართულ სხდომაზე ვერ მოხდა.
სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან – მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არსებითად განიხილავს და პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს მორიგების პროცესის უზრუნველყოფას.
4 მაისის გამართულ სხდომაზე კი მოსამართლეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობებთან მიმართებით, კონკრეტული პოზიციები ვერ მოისმინეს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნის მიხედვით, ქ. ბათუმში, მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების – 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით – 497 459 ლარი.
რაც შეეხება სამინისტროს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებულ ალტერნატიული ფართების სადღეისო საბაზრო ღირებულებას, საექსპერტო დასკვნების მიხედვით, კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით – 165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე).
სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.
როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე.
საქმის განხილვა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძეს და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით უზენაეს სასამართლოში 11 მაისს გაგრძელდება. მანამდე, კი უნდა მოხდეს როლანდ ბლადაძის მინისტრთან შეხვედრის უზრუნველყოფა.