მთავრობის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღსადგენად, მთლიანობაში, სამი მილიონ 200 ათასი ლარი ერგო.
ამ თანხით შესასრულებელი სამუშაოების ნუსხით ირკვევა, რომ აღნიშნული თანხიდან შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულს 249 709,2 ლარი გამოეყო, რაც სტიქიის შედეგად დაზიანებული 11 ობიექტის აღდგენას მოხმარდება. მათ შორის, ზემო და ქვემო შუხუთში დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული და საამისოდ, სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო თანხიდან 12 122 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება აცანის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ სტიქიის შედეგების რეაბილიტაციისთვის ჩვიდმეტ ობიექტზე 216 565,9 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს, რომელთაგან უმეტესობა კერძო პირების საცხოვრებელი სახლის სახურავებია. ზემოთ ნახსენები თანხის ნაწილით კი რამდენიმე ადგილას რკინა-ბეტონის გზის მოწყობაცაა გათვალისწინებული.
197 927,2 ლარი ერგო, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ლესის ადმინისტრაციას. ამ თანხით 13 ობიექტზე უნდა შესრულდეს შესაბამისი სამუშაოები.
ირკვევა, რომ გასული წლის სტიქიის თანხიდან ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულს, 238 583,2 ლარი ერგო, საიდანაც 25 784 ლარი ჭყონაგორაში მცხოვრები ირინა ორმოცაძისთვის მცირე ზომის საცხოვრებელი სახლის შეძენასა და ადგილზე მონტაჟს მოხმარდება. ასევე, ნიგოითის ადმინისტრაციაში თანხის მეტი წილი ქვის დამცავი გაბიონების მოწყობისთვისაა გათვალისწინებული.
შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის მიხედვით ირკვევა, რომ გასული წლის ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის ყველაზე მეტი თანხა მუნიციპალიტეტის მერის მშობლიურ კუთხეს, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს ერგო. ჩოჩხათში 26 ობიექტზე 456 464,4 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაა გათვალისწინებული.
გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებულ სამი ობიექტის აღსადგენად, ჯამში, 42 850 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება ჩიბათს, აქ 229 878,7 ლარის დახარჯვა იგეგმება, რომელიც 18 სხვადასხვა ობიექტზეა გადანაწილებული. მაჩხვარეთში კი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ 75 638,2 ლარი შეადგინა.
ჩოჩხათის შემდეგ, თანხის რაოდენობის მხრივ, მეორე ადგილზე ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულია. როგორც ირკვევა, საკრებულოს თავმჯდომარის სოფელში გასული წლის ოქტომბრის სტიქიამ 30 ობიექტი გამოიყვანა მწყობრიდან, რისთვისაც 351 570 ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შესრულდეს.
რაც შეეხება ნინოშვილის ადმინისტრაციას, აქ 123 197,7 ლარი დაიხარჯება ზემოთ ნახსენები სტიქიის სალიკვიდაციო თანხიდან, ხოლო მამათში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 103 542,1 ლარი შეადგინა.
ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში კი სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალმა 186 989,3 ლარი შეადგინა, რაც, თავის მხრივ, 11 სხვადასხვა ობიექტზეა გადანაწილებული. ჯურუყვეთის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი 129 028,9 ლარით შვიდი დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
წარმოდგენილი ნუსხის მიხედვით ირკვევა, რომ ოქტომბრის სტიქიამ აკეთის ადმინისტრაციაში, ძირითადად, კერძო პირთა საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. აქ 24 აღსადგენი ობიექტიდან _15, სახურავის ხელახლა მოწყობას ითვალისწინებს. მთლიანობაში კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აკეთში 273 117,3 ლარი გაიხარჯება.
სამი მილიონ 200 ათასი ლარიდან სუფსის ადმინისტრაციაში 52 569,6 ლარი გაიხარჯება, რომლის მეტი წილი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენას მოხმარდება. რაც შეეხება ღრმაღელეს, აქ 272 367,2 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.
მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან, პირველ ეტაპზე 271 741 ლარი ფიზიკური პირების დაზიანებული სახლების სახურავების, ხოლო 20 9415 ლარი ელექტროგაყვანილობის შეძენისთვის გაიხარჯება. გარდა ამისა, ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის სახურავის შეცვლისთვის 42649 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჩიბათში საბავშვო ბაღის სახურავისა და გარე ფასადის რეაბილიტაციისთვის _ 19677 ლარი. ირკვევა, რომ ამავე თანხიდან ტენდერების შედეგად გამოთავისუფლებული 25 608 ლარი და გაუნაწილებელი 2 928 259 ლარი გზების, ხიდების, წყალმომარაგების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოებს მოხმარდება.