პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრა. გოცირიძემ სხდომაზე სახელმწიფო მოხელეების სახელფასო მაჩვენებლები წარადგინა და კანონის მანკიერებაზე ისაუბრა.
,,მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება არის სახელმწიფოს 4 სექტორში. ესენია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი.
რა მდგომარეობაა საქართველოში ამ ოთხი მოხელის ხელფასის კუთხით:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს -12 500 ლარი;
საქართველოს პრეზიდენტს აქვს – 6 900 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს -6 000 ლარი;
პრემიერ-მინისტრს აქვს – 4 250 ლარი.
რა ხელფასები აქვთ მარეგულირებელი კომისიის წევრებს:
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს – 16 537 ლარი;
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის რიგით წევრს აქვს -16 338 ლარი (ანუ კომისიის რიგით წევრს, დაახლოებით, 3–ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს);
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს აქვს _12 648 ლარი
-რატომ აქვს ენერგეტიკის მარეგულირებელის თავმჯდომარეს 12 648 ლარი და 16 500 კომუნიკაციების თავმჯდომარეს? მათ დღეს, რომ 16 ათასის ნაცვლად, 50 ათასი დაინიშნონ, არაფერი შეაჩერებთ, ძალიან მარტივად დაინიშნავენ“,_განაცხადა გოცირიძემ.