პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” თითოეულ მხარდამჭერს, რომლებთან ერთადაც, მისი თქმით, თავისუფლება საერთო ძალისხმევით მოიპოვეს, მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძემ “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის:
“ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნის განვითარებაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და ყრილობაში მონაწილეობის მიღებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების” თითოეულ მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსამართლო რეჟიმს არ შეეგუა და ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით, ყველაზე ძვირფასი _ თავისუფლება მოიპოვა”, _ განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სულისკვეთების, შემართებისა და ადამიანური თავგანწირვის გარეშე იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ ერთად მიაღწია:
“ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია მოხდა. არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია”, _ აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე დააბრუნა. ასევე, პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა შეძლო”, თუმცა, მისი თქმით, “ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად, კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრაა საჭირო”.
პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე, გასული ორი წლის განმავლობაში, პარტიის გასაძლიერებლად, უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა: “კერძოდ, გახორციელდა პარტიის ცენტრალური სტრუქტურების რეორგანიზაცია; გაძლიერდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები; მნიშვნელოვნად განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი; “თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, ჩვენი პარტია _ “ქართული ოცნება” ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს.
დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე ახალი ტიპის გამოწვევები დგას, ჩვენი პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად, საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად მძლავრი იმპულსი იქნება”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა.