ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამორჩეულად საინტერესო შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე, სახელწოდებით _ „ლიხს აქეთა პოეზია“, მონაწილეობდნენ პოეტები იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან.
ოზურგეთელ მასპინძლებს და მოწვეულ სტუმრებს ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ მიმართა:
_ დღეს საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა. ჯერ კიდევ 2015 წელს მოვილაპარაკეთ გართიანებული ღონისძიებების შესახებ. ეს ინიციატივა ქუთაისის მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკის გამგეს, დალი კაპანაძეს ეკუთვნის. დღეს ის ჩვენი სტუმარია და უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო, როგორც მას, ისე თითოეულ რეგიონს, რომელთა წარმომადგენლები დღეს აქ არიან და მონაწილეობას იღებენ ამ გამორჩეულ ღონისძიებაში, _ თქვა მან.
ლალი კაპანაძემ მსმენელს, ყველა წიგნიერ ადამიანს მიულოცა ეს გამორჩეული დღე.
როცა ჯერი პოეტ ახალგაზრდებზე დადგა, დამსწრე საზოგადოების წინაშე პირველად ქუთაისელები წარდგნენ.
თამარ კარანაძემ თავისი ლირიკული პოეზიით მოხიბლა მსმენელი; ბექა ფოცხვერიას სტრიქონებმა: „დავალ ურყევი, ვით დედის ფიცი“, ბექა ქებულაძის შეძახილმა: „ვერ იქნება სიძულვილის პოლიგონი, სიყვარული ალალი და უბრალო“, პაპუნა გიორგაძის სულ სხვა პერფონმანსმა და პირდაპირმა პროტესტმა: „შენ ფუშავ რწმენას, ფუშავ რწმენას, ფუ, შენი, …ფუშავ…“ _ მაყურებლის გაოცება, აღტაცება და ცრემლები გამოიწვია. სითბოს, სინაზის და ნიჭიერების დასტური იყო ჩოხატაურელი მოსწავლეების _ მარიამ გიორგაძის და ნინო ცინცაბაძის პოეზია. დარბაზში ბევრს მოერია ცრემლი.
ატირებული ოზურგეთელი პედაგოგი, ფილოლოგი მაია ღლონტი ემოციებს ვერ ფარავდა:
„მე ვტირი… გამაოცეს ამ ახალგაზრდებმა. ბედნიერებაა, რომ ქართულ სიტყვას არ დაუკარგავს ძალა. ახლა ამ ახალგაზრდებს მკითხველი სჭირდება, მაღალი კლასის მკითხველი. ასე ითხოვს მათი პოეზია. ისინი უკვე ჩამოყალიბებული, შემდგარი პოეტები არიან. პატრიარქის სიტყვებია, გადით ხალხში და მოიარეთ საქართველო, მოეფერეთ ერთმანეთს. აი, დღევადელი დღე ამის დასტურია. ჩვენ მართლაც ბევრი უნდა ვიაროთ ერთმანეთთან. რა ვთქვა, აღარ ვიცი. რა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას უკვე ამდენი შემდგარი ახალგაზრდა პოეტი ჰყავს…“
ღონისძიებაზე გულიდან წამოსული არაერთი სიტყვა ითქვა. დასარულ, ყველამ დიდი მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის დირექტორს, ქალბატონ ლიკა ბაქანიძეს, ორიგინალური ღონისძიებისა და საკვირველი გურული მასპინძლობისთვის.