6 მაისს, თბილისში გაიმართა აფხაზეთის თასის გათამაშების საერთაშორისო ღია ტურნირი ფარიკაობაში მოზარდთა შორის.
დაშნით ფარიკაობის პაექრობაში ორი ასაკობრივი ჯგუფის (2003-2005: 2006-2008) ვაჟები და 2003-2005 დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ. გურიიდან მედლებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის, ვლადიმერ აფციაურის (რაპირით მოფარიკავე ოლიმპიური ჩემპიონი) სახელობის საფარიკაო კლუბ ,,გრაალის მცველის“ 6 სპორტსმენი იბრძოდა (მწვრთნელი მალხაზ კვაჭაძე).
2006-2008 წ. ასაკობრივი ჯგუფის ყველა მონაწილე დაჯაბნა და დაშნით ფარიკაობაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა ლევან ბოლქვაძემ; გიორგი ფუტკარაძე 2003-2005 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის ბრძოლაში მე-5 ხოლო მის ასაკში მე-3 ადგილს დასჯერდა. ამ ასაკობრივ ჯგუფში საკუთარ შესაძლებლობებს 21 სპორტსმენი ცდიდა. მე-4 ადგილი ჯემალ გოგიტიძეს ერგო.
საპრიზო ადგილების დათმობა მოუხდათ გოგონებსაც. მარიამ ჩიკვაიძემ, დებიუტანტმა მოფარიკავემ მე 4 ადგილი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ მარიამი თავის ასაკობრივ ჯგუფში ქართველ მოფარიკავეთა შორის პირველი იყო. ორი ბრძოლა მოიგო ინა ჩიქოვანმა.