რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვების გაშლა დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე საათია აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პასუხს წუხელ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრისგან და პრემიერისგან ელოდებიან. მათი თქმით, ისინი არ დაიშლებიან პასუხის მიღებამდე. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს კახა კალაძემ მიმართა, თუმცა მათი თქმით, ისინი პასუხს უმაღლესი ეშელონის პირებისგან ელოდებიან და მათი ადრესატი კალაძე არ ყოფილა.
„ჩვენი ადრესატი არ ყოფილა ქალაქის მერი, კახა კალაძე. ჩვენ, რეალურად, მისგან არაფერი არ გვაინტერესებს. ის არ არის პასუხის მთქმელი იმაზე, რაც გუშინ გაგვიკეთეს. ამაზე პასუხისმგებელია უმაღლესი მთავრობა, უმაღლესი ეშელონის პირები, რომლებიც ამ დრომდე სდუმან. მათი დუმილი სამარცხვინოა” – თქვა წიქარიშვილმა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დღეს მოუწოდა, თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა.
როგორც “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს ვადას 22:00 საათამდე აძლევდნენ.