თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები რეჟისორები და მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მისი მთავარი მონაწილეებისთვის არის ცნობილი.
დღევანდელ წერილში გავიხსენებთ, როგორ შეიქმნა ქართული კინოსურათი „მზე შემოდგომისა“. ფილმის რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი იმდროინდელ პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებს.
„ერთხელ დიღომში, კინოსტუდიაში ვიყავი. რეზო თაბუკაშვილი მოვიდა, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა და მითხრა, ეს სცენარი წაიკითხეო. შემდეგ თავის „ვოლგაში” ჩამსვა და ძველი თბილისის ქუჩები მომატარა. რეზოს დიპლომატიური ჰქონდა დამთავრებული, ინგლისური კარგად იცოდა. მთავრობა უცხოელ სტუმრებს ხშირად რეზოსა და მედეას გადააბარებდა ხოლმე, რადგან ქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ კარგად იცოდნენ. იმ დღესაც მან ყველა ის ადგილი მომატარა, სადაც ის და მისი მეუღლე ხშირად დადიოდნენ. ამის შემდეგ სცენარი გადმომცა და სახლში მიმიყვანა.
ძველი თბილისი ყოველთვის მომწონდა, თუმცა, იმ დღის მერე ყველაფერს სხვანაირად შევხედე. რეზოს მხრიდან ეს საოცრად ზუსტი რეჟისორული სვლა იყო. სცენარის სიუჟეტის მთავარი თემა არის, რომ ხელოვანმა არ უნდა უღალატოს თავის მოწოდებას და არ უნდა იფიქროს კომერციაზე იმისთვის, რომ ოჯახი შეინახოს.
მე შევეცადე, „მზე შემოდგომისა” ძველი თბილისისთვის მიძღვნილი ფილმი გამოსულიყო. სწორედ ამიტომ ავარჩიე ფილმის კომპოზიტორად ვაჟა აზარაშვილი, რადგანაც ის ქალაქური სიმღერების ავტორია.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფილმმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი თემა _ ძველი თბილისი არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ იგი არის ესთეტიკური ფენომენი.
როდესაც რეზომ სცენარი გადმომცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს მედეასთვის იყო დაწერილი და მთავარი როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა. ვახტანგის როლზეც ვიცოდი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი უნდა ამეყვანა. სხვა გმირების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვიცოდი ყველა ამ მსახიობის შესაძლებლობები და სინჯების ჩატარება საჭიროდ აღარ მივიჩნიე.
ოთარ მეღვინეთუხუცესთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო. ის გახლდათ მსახიობი, რომელიც თავის საოცარ სამყაროს გთავაზობდა, რომელში ჩარევაც საჭირო არ იყო. თავიდან ვუთხარი, მისი გმირი როგორი უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკვე ყველაფერი თავად გააკეთა. როცა ასეთ პროფესიონალთან გიწევს მუშაობა, მას მთლიანად უნდა ენდო.
მედეა ჯაფარიძის პროფესიონალიზმზე, გარეგნულ მშვენიერებაზე საუბარს არ დავიწყებ, რადგან ყველამ კარგად იცის, რა დონის მსახიობი იყო. გადაღებების პროცესში მასთან ცოტა პრობლემები შემექმნა. მე მინდოდა, რომ გადაღებები დილით დამეწყო, ის კი არ მოდიოდა. მედეა, ძირითადად, თეატრის მსახიობი იყო და თვლიდა, რომ მისი ორგანიზმი დილაობით სამუშაოდ მზად არ იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პირველ-ორ საათამდე „მატორ” არ დაგვეძახა. დროს სპეციალურად აჭიანურებდა. მედეაზე მიმაგრებული მყავდა ჩემი ასისტენტი ზაურ ტყეშელაშვილი, რომელიც ყოველ დილით აკითხავდა. 9 საათზე მიაკითხავდა ხოლმე, მედეა ზემოდან გადმოსძახებდა: „ზაურ, ამოდი!”. ის ერთხანს უცდიდა, მაგრამ მედეა იმდენს იზამდა, მაინც აიყვანდა, დასვამდა, ასაუზმებდა და ამასობაში დროც გადიოდა. ზაური მაშინ 19-20 წლის ბიჭი იყო და მედეა დედასავით თბილად ექცეოდა. მოკლედ, 12 საათზე მოვიდოდა გადაღებაზე, შემდეგ გრიმს იკეთებდა, ემზადებოდა. გადაღებები მაინც 2 საათზე იწყებოდა. იძულებული ვიყავით, მისი რეჟიმით გვემუშავა, რადგან თითქმის ყველა კადრში იყო და მის გარეშე ვერ დავიწყებდით.
ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ფინალია, როდესაც დიდი სუფრაა გაშლილი და ყველანი ზეიმობენ. იმდროინდელი ქართული ელიტის ყველა წარმომადგენელი მოვიწვიეთ, ვისაც კი ეცალა. მიხარია, რომ მათი სახეები ეკრანს შემორჩა. ლადო გუდიაშვილის ცეკვაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია.
ფილმის მთავარი გმირის, ვახტანგის მიერ დახატული სურათები სინამდვილეში მხატვარ ელენე ახვლედიანს ეკუთვნის. ქალბატონი ელენე მამასთან მეგობრობდა. მის რამდენიმე ფილმში მთავარი მხატვარიც იყო. მედეასთან და რეზოსთანაც ძალიან ახლოს გახლდათ, ასე რომ, მასთან მისვლა არ გამჭირვებია. მისი სახელოსნოდან ნახატებს მთლიანად ვერ წამოვიღებდით, ამიტომ ნება დაგვრთო, ფილმის ფინალური კადრები იქვე გადაგვეღო.
ფილმის გადაღებები 3 თვეს გაგრძელდა, მთლიანად გამზადებას დაახლოებით წელიწადი დასჭირდა. რამდენიმე კადრი ბათუმსა და ოდესის პორტშია გადაღებული, ძირითადი ნაწილი კი _ თბილისის ძველ უბნებსა და პავილიონებში. მაგალითად, ის ბინა, სადაც გივი ბერიკაშვილისა და გურანდა გაბუნიას გმირები ცხოვრობდნენ, უფრო ახლებური უნდა ყოფილიყო, ამიტომაც საბურთალოზე გადავიღეთ.
„მზე შემოდგომისა” ძალიან კარგად მიიღო, როგორც ქართველმა, აგრეთვე მთელმა საბჭოთა მაყურებელმა. ამიერკავკასიის მასშტაბით პატარ-პატარა პრიზებიც დაიმსახურა, მაგრამ სერიოზული _ არაფერი. თუმცა ის ფაქტი, რომ არაერთი წელია ფილმი ცოცხლობს და მაყურებელს უყვარს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს“.