დღეს, 17 მაისს, მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ კუთხით ადამიანებს უამრავი არასასიამოვნო გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთის შესახებ სოციალურ ქსელში ლუკა კირკიტაძე წერს. სტატუსს, რომელსაც რადიო “ფორტუნა” აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ.
„12 წლის ვიყავი, როცა ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლის ეზოდან, ცნობილ “ირინეს პარკში” გამოვიარე. სახლში მოვდიოდი. სკოლის ეზოდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ 2 ტიპი ამეკიდა.
ფეხით სიარულს ავუჩქარე, ისინიც უფრო სწრაფად გამომედევნენ. პარკის ბოლოს, სვეტებია, რომლითაც წითელი ქვიშიდან, ქვაფენილზე გადიხარ და იქეთ – “სამშვიდობო” იყო.
ქუჩაში უკვე ხალხი მოძრაობდა და ვიცოდი – თუ რამე, საფრთხეც ნაკლები იყო. მეშინოდა გაქცევის, იმიტომ რომ მეგონა ამით უფრო დიდ იმპულსს მივცემდი მათ მალე დამწეოდნენ, შესაბამისად მხოლოდ სიარულის ტემპის შეცვლით ვცადე “სამშვიდობოს” გასვლა.
ცოტაღა იყო დარჩენილი ქვაფენილამდე, უკან მივიხედე და ეს ორი ტიპი გაქრა. წამიერად შევჩერდი, სათვალე მოვიხსენი, სწრაფი სიარულისას გაოფლიანებულზე შუშები დამეორთქლა. ცხვირსახოცით წმენდა დავიწყე და სანამ გავიკეთე ზურგზე რაღაც მძიმე მომხვდა.
მომენტალურად წავიქეცი, სათვალე გამივარდა და პირით წითელ მიწაზე დავასკდი. რამდენჯერაც თავის წამოწევა ვცადე, იმდენჯერ ხან მუშტი მხვდებოდა, ხან წიხლი და ვერ ვხვდებოდი, რას მერჩოდნენ, ან ჩემგან რა უნდოდათ.
მალევე წამომაგდეს ფეხზე. ერთს ქეჩოთი ვეჭირე, მეორე კი სახეში მაფურთხებდა: “ფუ, ნახე, რა გოგოსავით სახე აქვს, ამის დედაც!”, სანამ საერთოდ მივხვდი, რაში იყო საქმე, თვითონვე განმარტეს რასაც მერჩოდნენ, რომ მე ვიყავი სკოლის წარჩინებული მოსწავლეების სტენდზე ზედმეტად დიდხანს და მათთვის მიუღებელი, “ნაზი” ნაკვთები მქონდა. მეძახდნენ “პედერასტს” და ფიზიკური შეურაცხყოფის იქეთ, საშინლად დამცინოდნენ.
ვერ გეტყვით რომ ამან რამე ნიშანდობლივი დაღი დამასვა ან უკან დამწია, რადგან ძალადობრივი აქტი ხშირად სხვადასხვა მოტივებით ისევ ამომხტარა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, თანდათან თავის დაცვა ვისწავლე. დღეს რომ მოვკვდე, ფიზიკური შეურაცხყოფისას უკან არ ვიხევ. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანიდან შემიძლია გადავიქცე საპირისპირო ტიპად და მოკლედ რომ ავხსნა – ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
შეიძლება აზრდაკარგულად ვცემო ტიპი დასისხლიანებამდე და მერე ამის გაცნობიერებისას თავად განვიცადო მომხდარი.
მთელი ჩემი ბავშვობა, უმიზეზოდ, ვიყავი მსხვერპლი და ბულინგის ობიექტი. იმის გამო, რომ ვიყავი კარგი და არა ცუდი. საზოგადოებას უნდოდა ჩემგან მონსტრის შექმნა, კომპლექსების ჩანერგვა, თქმა – რომ მე, ვერ გავიმარჯვებ. ყოველ ჯერზე, ფეხზე ვდგებოდი და ორი, სამ დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ ვამბობდი: მე – ძლიერი ვარ.
დღემდე, არაერთხელ მომხდარა ისე, რომ უსამართლობას თავი შეუხსენებია, მაგრამ ვისწავლე ჩემი თავის დაცვა, როგორც ინტელექტუალური იერიშით, ასევე ფიზიკური დაპირისპირებით. ვისაც უნდა და როცა უნდა, შევხვდები თუ ჩემთან რაიმე სახის პრობლემა აქვს და ნებისმიერი სახით მოვუგვარებ.
მე გადავრჩი, მითუმეტეს რომ არასოდეს მიგრძვნია ტარგეტის – “პედერასტი” ადრესატად თავი. თუმცა, როცა ვხედავ უამრავ ადამიანს, რომელსაც გარდა იმისა, რომ მსგავსი იარლიყის მიკერებით საკუთარ იდენტობაზე მძიმედ აწვებიან, მინდა დავიცვა და ვუთხრა, რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები და ისინი ხედავენ მათ გასაჭირს.
არაა საჭირო, რომელიმე არასამთავრობოში ვმუშაობდე ან რაიმე ფონდის დაფინანსების ხარჯზე რაღაც პროექტების მენეჯერი ვიყო.
სიმართლეს ფული არ სჭირდება, მე ჩემი სიმართლე მაქვს და ის ძალიან ზუსტია: ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც დაიბადა და არავის, ვიმეორებ, არავის აქვს უფლება მისი ინდივიდუალიზმი, რაობა ფეხქვეშ გათელოს.
მე არ მჯერა “გამოსულობას” ამოფარებული ტიპების, ვინც ლგბტ ადამიანების უფლებებს ვითომ აღიარებენ, თუმცა მათ ხმას (“ჩვენც გვაქვს უფლება მშვიდობიანი თანაცხოვრების”) ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ გამოხატვის თავისუფლება მათთვის არ არსებობს.
მოცემულუბა რომ ვიღაცას რამის გამოხატვა აუკრძალო – უკვე პრობლემური დამოკიდებულებაა.
17 მაისი – არის ლგბტ ადამიანების საკუთრება და მე ვუერთდები არა პროვოკაციულად დაწესებულ “ოჯახის სიწმინდის დღეს”, არამედ იმ ადამიანთა უფლებების ამღიარებლობას, რომლებიც გამუდმებით განიცდიდნენ ჩაგვრასა და ზეწოლას საზოგადოებისგან.
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ! მე ჩემს ტყავზე გადავიტანე ის, რაც ამ თემს ყოველდღიურად გადააქვს დღემდე. არ დავუშვებ, არასოდეს, ვინმემ ჩემს მეგობრებში ან ჩემი თანდასწრებით სადმე, რომელიმე სხვა პიროვნება ამ ნიშნით დაამციროს! ეს არის ყველაზე უღირსი, უსინდისო და კაცთმოძულე დამოკიდებულება, რაც კი ოდესმე არსებულა…“