ამ წუთებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. გახარიას თქმით, უახლოეს დროში ახალი სახელითა და მიმართულებებით იმუშავებს უბნის ინსპექტორი.
„კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ფაქტობრივად, თანამდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშრომელი ანუ გამომძიებელი, თითქმის არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის, ამიტომ, პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ, დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა. გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ საგამოცდო ტესტირებებით, საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს და, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამ მონაცემების შესახებ და გვექნება ცალკე ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომპონენტი, რაც ყველაზე მთავარია და რისი ყველაზე დიდი იმედიც გვაქვს, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში უკვე ახალი სახელითა და ახალი მიმართულებით, განახლებული ფუნქციებით, ეს გახლავთ უბნის ოფიცერი ჩაანაცვლებს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შექმნილი გავქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით, ჩვენ ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია, 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ექნებათ საშუალება, მიიღონ ამ პოზიციებზე ვაკანტურ ადგილებზე მონაწილეობა, რამეთუ ჩვენ ვთვლით, რომ უბნის ინსპექტორი, ასე ვთქვათ, ეს არის ის ძირითადი კომპონენტი კრიმინალური პოლიციის, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დამყარებული საპოლიციო მომსახურება, საპოლიციო სერვისები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზე მოთხოვნადი პოზიციები, ამისთვის იქნება სპეციალური საპრომოციო აქციები ჩატარებული და ეს ყველაფერი დაიწყება 10 ივნისიდან“, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.