ამ წუთებში შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტარებს 12 მაისს კლუბ ,,ბასიანსა“ და ,,გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აცნობს. გახარიამ მოხსენებისას, საქართველოს პარლამენტში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენელებს მიმართა და განაცხადა, რომ ის, რაც ღამის კლუბებში ხდებოდა სისტემურ დანაშაულზე მიუთითებდა.
,,მეც მჯერა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში, თუმცა, ისიც კარგად გესმით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების წინააღმდეგი არ ვართ. როდესაც გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება საკმაოდ ქაოტურად და ორგანიზებულად. არც ერთი შემთხვევა კლუბის ხელმძღვანელის და მფლობელების არ ყოფილა, რომ მათ მიემართათ შს სამინისტროსთვის და ეთხოვათ, რომ მოგვეხმარეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან და გამოდიან კლუბიდან. ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, _ განაცხადა გახარიამ.