ყოველი საღამო ნაგვის ურნასთან _ ხან საჭმლის ძიებაში, ხანაც კიდეც ფერადი ლითონის მოსაპოვებლად, ეს 41 წლის ნანა ბარამიძის ყოველდღიურობაა.
„გურია ნიუსმა“ რამდენიმე ხნის წინ დააფიქსირა, როგორ იქექებოდა ნაგვის ურნაში ახალგაზრდა ქალბატონი.
ბარამიძეების ოჯახს სახლში ვესტუმრეთ.
ნანა ბარამიძე, ქალაქ ოზურგეთში ბათუმის ქუჩაზე ერთსართულიან პატარა სახლში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. როგორც თავად ამბობს, უფროსი ვაჟი სამხედრო სამსახურშია, მეორე კი თურქეთში ჩაის საკრეფად არის წასული. მას ვერ ეკონტაქტება, რადგან ტელეფონი არ აქვს. ამბობს, რომ თურქეთში წასული თავის თავს ირჩენს და თამბაქოს ფული აქვს.
_ მეუღლე არ მუშაობს, სადაა სამუშაო, ფიზკურად თუ ვინმეს მიეხმარება მიზერული ანაზღაურებით, ვის აქვს დღეს? ყველა ტირის, ვინ მოგეხმარება? არც ოზურგეთის მერიისთვის მიმიმართავს. სოციალური მე მაქვს, ჩემს ბიჭს კი, რომ გადავიდა საზღვარზე, მოუხსნეს.
კითხვაზე _ ისევ „სტუმრობს“ თუ არა საღამოობით ნაგვის ურნებს, გვპასუხობს _ “რა ვქნა, აბა!“
_მეტი რა გზა მაქვს? ნაგავში მარტო საჭმელს კი არ ვეძებ, ხან ალუმინი ვნახე, ხან სპილენძი, ჯართი ჩავაბარე და პური ვიყიდე, რა ვქნა, აბა! ხან ისე გადის დღეები საერთოდ არაფერი არ გამოდის. საჭმელი დღეში ერთხელ უფასო სასადილოდან მოგვაქვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ოჯახს დახმარებისთვის არ მიუმართავს:
_თუკი მოგვმართავენ, მერია, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას გაუწევს.