,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს კითხვით მიმართა, თუ რატომ იზრდება კრიმინალი საქართველოში. ამასთან, ბოკერიამ გიორგი გახარიას კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პასუხიც შეახსენა და განაცხადა, რომ ივანიშვილის განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა პოლიტიკური თავგასულობა და უპასუხისმგებლობლობა საკითხისადმი.
,,დიდი ხანია საზოგადოებამ იცოდა, რომ კრიმინალი მძიმედ იზრდება, განსაკუთრებით მძიმე და ძალადობრივი დანაშაული. თქვენი კოლეგები, როგორც აქამდე ითქვა, ამას ბრმად უარყოფდნენ და მედიას, ოპონენტებს აბრალებენ. შპრიცებს ყრის დარბაზებში ოპოზიციაო, გახსოვთ, ალბათ, ეს ეგზოტიკური განცხადება. მთავარი იდეოლოგიური განცხადება გააკეთა თქვენმა ლიდერმა, კერპმა თუ ბელადმა, ბატონმა ივანიშვილმა თავის დროზე, როცა ჰკითხეს უკვე დაწყებულ და კრიმინალის შესაძლო ზრდაზე მან ეპოქალური სიტყვები უთხრა საზოგადოებას, რომ გაგებით უნდა მოეკიდოს საზოგადოება ამას. მე ახლა არ გეკითხებით, ძველ შავბნელ დროს რომ გაიზარდა კრიმინალი, თქვენ დროს. რა ტენდენციაც არის ახლა, იმაზე გეკითხებით. მინდა გკითხოთ: თუ თქვენ იზიარებთ ბატონი ივანიშვილის ეპოქალურ მიდგომას, მაშინ შეგვიძლია, ამ თემაზე დისკუსია არ გავაგრძელოთ, მაგრამ თუ მეთანხმებით, რომ ეს არის პოლიტიკური თავგასულობა, უპასუხისმგებლობა ან სისულელე, გთავაზობთ კოდურ სიტყვას, თუ არ მიპასუხებთ ამ კითხვაზე, ესე იგი, მეთანხმებით“, _ მიმართა ბოკერიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას.