მრავალი მსახიობი სპექტაკლების პარალელურად სხვადასხვა კინოფილმებშიც მონაწილეობს. ზოგჯერ რეპეტიციებისა და გადაღებების ვადები ერთმანეთს ემთხვევა და აქტიორებსაც განსაკუთრებული “მოხერხებულობის“ გამოყენება უწევთ. უფრო “სერიოზულად“ ჰქონდათ საქმე კოტე მახარაძესა და ეროსი მანჯგალაძეს.
თეატრში მოღვაწეობასთან ერთად ისინი საფეხბურთო შეხვედრების რეპორტაჟებსაც უძღვებოდნენ და ხშირად მომხდარა, რომ თეატრალური სპექტაკლისა და “ტყავის ბურთის“ დაწყების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა. ბატონი კოტე მახარაძე იგონებდა:
“1958 წელს სპექტაკლი “ესპანელი მღვდელი“ დღის 12 საათზე დანიშნეს, 3 საათზე კი ფეხბურთი იწყებოდა. სპექტაკლი, სადაც მე და ეროსი მთავარ როლებს ვასრულებდით 3 საათსა და 45 წუთამდე გრძელდებოდა. არც მისი გადატანა გამოდიოდა. ეროსიმ მითხრა: “მოდი, გავრეკოთო“. მე შორს დავიჭირე, დიდი-დიდი ნახევარი საათი მოვიგოთ-მეთქი. ბოლოს როგორც იყო, შევთანხმდით. სპექტაკლი დროზე დავიწყეთ და ზუსტად სამის ნახევარზე დავამთავრეთ.
მერე სტადიონზე გავვარდით და მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეგობარი, მსახიობი ვალერიან ელოშვილი სპექტაკლზე დაგვიანებისათვის სამსახურიდან მოეხსნათ. მას, რა თქმა უნდა არ დაუგვიანია. თეატრში თავის დროზე-სამ საათზე მოვიდა, რადგან მხოლოდ ფინალურ სცენაში მონაწილეობდა, მაგრამ სპექტაკლი “ჩვენი” წყალობით ამ დროს უკვე დამთავრებული იყო. მერე მთელი ორი კვირა ვუმტკიცებდით თეატრის დირექტორს, პავლე კანდელაკს ელოშვილის უდანაშაულობას და ბოლოს, იმანაც ჩვენს მოხსნას ელოშვილის აღდგენა ამჯობინა”.