მრავალ ქართველ ხელოვანს თავის დროზე სწავლა და ცხოვრება მოსკოვში მოუწია. არაერთი მათგანი იმ პერიოდს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებს. გამონაკლისი არც ცნობილი ქთველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეა.
“მოსკოვში რიაზანის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ქართველების საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში ვბინადრობდით თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, სულხან ცინცაძე და მე. პელმენს თუ ვიშოვიდით მშიერ მოსკოვში, იმ დღეს ბედნიერები ვიყავით. ერთ პერიოდში ვცხოვრობდით მოსკოვში და ვმეგობრობდით რეზო თაბუკაშვილი, გურამ ასათიანი, გიზი ამირეჯიბი, თამაზ მელიავა, ვახტანგ ფიფია. გოგი და ირაკლი ოჩიაურებს ბიძია გარდაეცვალათ ციმბირში, გადასახლებაში. ჩამოვიდნენ. ნეშტი უნდა წაესვენებინათ. უთხრეს კუბო მოსკოვში იყიდეთ, თორემ ციმბირში ვერ იშოვითო. იყიდეს.
ერთადერთს – თამაზ მელიავას ჰქონდა ოთახი, იმ კუბოზე ცოტა დიდი იყო. დადგეს იქ. ოჩიაურების გამგზავრება გაჯანჯლდა. ამასობაში ისე შევეჩვიეთ კუბოს, ზედ სუფრას ვშლიდით. გია დანელია მოგვიანებით შემოგვიერთდა. თამაზ მელიავამ მოიყვანა ჩვენთან. თავიდან ძალიან სხვანაირი იყო – სუფთა მოსკოველი, “დედიკოს ბიჭი”, არც სვამდა. ჩვენ გავაფუჭეთ. უცებ აუღო ალღო და გაქართველდა”.