თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჩილიმ-ბარში აღმოსავლური წარმომავლობის პირებმა თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორს შეურაცხყოფა მიაყენეს, რამაც, მისი თქმით, სამართლებრივი რეაგირების გარეშე ჩაიარა. ბახტურიძე შს სამინისტროს მოუწოდებს, გააკონტროლოს მარჯანიშვილზე მდებარე ჩილიმ-ბარები და დაიცვას მონიტორის უფლებები.
,,ჩვენს ერთ-ერთ მონიტორს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ჩილიმ-ბარებში შეექმნა პრობლემა, კერძოდ, გარს შემოერტყნენ აღმოსავლური წარმომავლობის პირები, ალყაში მოაქციეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მიუხედავად დარღვევებისა, სამწუხაროდ, არ მომხდარა რეაგირება და ჩვენს მონიტორს იქეთ მისცეს შენიშვნა, ბეჭედი არ აქვს შენ მიერ წარდგენილ დოკუმენტსო. სამწუხაროა, რომ ვერ ერკვევიან შტრიხკოდიან წერილს რომ ბეჭედი არ სჭირდება და მით უფრო სამწუხაროა, რომ შეურაცხყოფა რეაგირების გარეშე დატოვეს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ჩილიმ-ბარებს და დაიცვას მონიტორების უფლებები, რომლებიც მათი საქმიანობის შემსუბუქებას ემსახურება“, _ წერს ბახტურიძე.