საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა.
კვირიკაშვილმა პომპეოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზანდასახულობა და ენთუზიაზმი კიდევ უფრო განამტკიცებს მსოფლიოში აშშ-ის მტკიცე ლიდერობას და კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას“.
საქართველოს პრემიერისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საუბრის ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.
„რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების დიდ პოტენციალს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით და დღევანდელი სესია იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, არა მხოლოდ განვიხილოთ მიღწეული პროგრესი, არამედ დავსახოთ ჩვენი კავშირების გაღრმავების პრიორიტეტები.
აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით საქართველოში განხორციელდა დემოკრატიის კონსოლიდაცია, გაძლიერდა სახელისუფლებო ინსტიტუტები და შეიქმნა მეტი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მსოფლიოს ლიდერი რეფორმატორი ქვეყნების სიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია, იამაყოს ამ წარმატებაში შეტანილი წვლილით.
საქართველო დიდად აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და რეგიონში სტაბილურობისთვის.
ჩვენს სახელმწიფოებს აქვთ მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საერთო მიზნები. ჩვენ ერთად, მხარდამხარ ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის წინააღდეგ ავღანეთში, სადაც ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.
თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა დიდ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი სკაპაროტი იმყოფებოდა საქართველოში და გახსნა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ისტორიული პროგრამა და ტრენინგის ინიციატივა, რაც წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობაში ახალი ეპოქის დაწყებას, რომელსაც წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაში და, შესაბამისად, ზოგადად ევროპაში უსაფრთხოების, სტაბილურობის საქმეში.
ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მზად ვართ, მივაღწიოთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ პროგრესს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში.
ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ნატოსთან ურთიერთქმედების განმტკიცების მხრივ. ჩვენი სტატისტიკა უკვე აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტიდან თავდაცვის ბიუჯეტზე გამოყოფილი სახსრების ნატოს სტანდარტს – 2 პროცენტს, სამხედრო ტექნიკაზე გამოყოფილი 20 პროცენტის ჩათვლით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევიძინოთ აშშ-ის სამხედრო თავდაცვითი აღჭურვილობა.
აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. წელს, ბრიუსელის ნატოს სამიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ მოველით, რომ სათანადოდ აისახება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პროგრესი ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გაწევრიანება ნატოში კიდევ უფრო განამტკიცებს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მდივანო პომპეო, საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გამოთქმული თქვენი მხარდამჭერი სიტყვებისთვის.
ეკონომიკური ტრანსფორმაცია და განათლება ასევე ის სფეროებია, რომლებშიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. აშშ-ის დახმარებით, საქართველო იქცა მსოფლიოში ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად. დღეს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ ორმხრივი კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან პოტენციალს.
აშშ-ის კერძო ინვესტიციები ისეთ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკის სტრატეგიულ ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში. როგორც ევრაზიის კარიბჭე, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი და უნიკალური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ქსელი ევროკავშირიდან ჩინეთამდე, რასაც ემატება აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელი, საქართველო წარმოადგენს იდეალურ ბაზას, საიდანაც ამერიკული ბიზნესი დაიმკვიდრებს ადგილს მთლიანად რეგიონში.
საქართველო არის მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც აქვთ აუცილებელი ინსტიტუტები, სტრატეგია და ბიზნეს გარემო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოვლისმომცველი და სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, როგორც ამას „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PricewaterhouseCoopers) უახლესი კვლევა ცხადყოფს, 5 წლის განმავლობაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტი შეიძლება გაიზარდოს 360%-ით, რის შედეგადაც აშშ-ში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ბატონო მდივანო, სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალი ორივე ქვეყნისთვის უდიდესია და მე იმედით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რომლებიც შედის ამერიკელი და ქართველი ხალხის ინტერესებში“,_განაცხადა კვირიკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ხილვის სურვილი გამოთქვა.