დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრეულოს ეთიკის კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო. დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგა NDI-ის თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი, ირინე ურუშაძე. მან თქვა, რომ ოზურგეთის საკრებულო ამ კუთხით არის ახალი პარტნიორი, რაც სასიხარულოა და და ეხმარებიან საკითხის ორგანიზებაში.
საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის განხილვა სასიამოვნო ფაქტია:
_ კოდექსის შექმნის ინიციატორი ფარაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილია, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჩვენ ხალხის არჩეული ადამიანები ვართ და ეთიკის კოდექსის პატივისცემა გვმართებს, _თქვა მან.
დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის განხილვაში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას და განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესია მათი ჩართულობა, რადგან ისეთი ვარიანტის მიღება უფრო უპრიანია, რომელიც ყველას მიერ კარგად იქნება მიჩნეული.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება იმ კუთხით, რომ დეპუტატი შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ვინმეს, არ უნდა არღვევდეს წესრიგს.
პროექტის განხილვისას უმთავრესი კითხვა რაც დაისვა, იყო ის, თუ რას ავალდებულებს კოდექსი დეპუტატს და როგორ უნდა შესრულდეს ის. ბევრი ისაუბრეს რეგლამენტში არსებულ სიტყვაზე, „გაძევება“, რომლის ჩანაცვლება ამჯობინეს სიტყვებით _ „დარბაზის დატოვება“.
_ „გაძევება“ მართლაც არ არის სასიამოვნო მოსასმენი. აქ რაც წერია მედიასექტორთან თანამშრომლობის კუთხით, თუ ეს მოხდება, მარტო ამისთვის ღირს ამ კოდექსის მიღება, _ თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია: „ახლგაზრდული რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა, ოთარ რევიშვილმა.
ოთარ რევიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ, როცა დეპუტატის მიერ დარბაზის დატოვების საკითხი დაისმება, იქ არ იქნება მშვიდი სიტუაცია. მთავარია, გამოხატვის უფლება არ დაირღვეს.
ეთიკის კოდექსის პროექტის გარშემო, არაერთი მოსაზრება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეპუტატებმა. იყო სადავო და საკამათო კითხვები და მოსაზრებები. ყოველივე ამის გამო, მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ფრაქციის წარმომადგენლები და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს. შემდეგ კი, უახლოეს დღეებში, შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.