“ნიუ იორკი მახინჯი და ჭუჭყიანი ქალაქია. მისი კლიმატი ნამდვილი სკანდალია, მისი პოლიტიკა ბავშვებსაც კი აშინებს, მისი საცობები სიგიჟეა, ხოლო მისი კონკურენცია მომაკვდავინებილი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ – ნიუ იორკში ერთხელ მაინც თუ გიცხოვრია ის შენი სახლი ხდება და მას სხვა არც ერთი ადგილი არ ჯობნის” _ ჯონ სტაინბეკი.
როცა 70-იანი წლების ბოლოს ჩვენში ვიდეომაგნიტოფონი გამოჩნდა, მაშინ პირველად ვიხილე უოლთერ ჰილის “მეომრები” (1978), რომელიც დაფუძნებულია ბერძენი მეცნიერის, მწერლისა და მეომრის ქსენოფონტეს ნაშრომზე “ანაბაზისი”. ქსენოფონტემ და მისმა 10 ათასმა თანამემამულემ, როგორც სპარსელი უფლისწულის კიროსის მოქირავნეებმა, ძველი წელთაღრიცხვის 401 წელს ილაშქრეს სპარსეთის მეფის არტაქსერქსე მეორეს წინააღმდეგ. ბერძნებმა ბრძოლა წააგეს და მტრულ გარემოში აღმიჩნდნენ. ისინი ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბერძნული ახალშენებისაკენ გაემართნენ. სამშვიდობოზე გასვლა მათ უცხო ტერიტორიების გავლით, იქაურ მცხოვრებლებთან მუდმივ ბრძოლებსა და შეტაკებების ფონზე უხდებოდათ.
უოლთერ ჰილის ფილმში მოქმედება თანამდეროვე ნიუ იორკშია გადატანილი და საბრძოლო ველად ქალაქია ქცეული. ნიუ იორკული ბანდების შეკრებაზე ბოსის მკვლელობას კონი აილენდურ დაჯგუფებას “მეომრებს” დააბრალებენ. იწყება მათზე ნადირობა. “მეომრები” ბრონქსიდან ჩხუბითა და ცემა-ტყეპით იკვლევენ ფათერაკებით სავსე გზას. ფილმში ღამის ნიუ იორკი წარმოგვიდგება როგორც ერთი დიდი, ჩახვეული და საშიში ლაბირინთი. მე როგორც მიყვებოდნენ, სულ რაღაც 20-30 წლის წინათ ახლა გაწკრიალებული, მშვიდი და სამაგალითო იუნიონ სქვერი სავსე იყო სექს შოპებით და მეძავებით, იქვე ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და ღამით იქ გავლა ხშირად სიცოცხლისათვის იყო საშიში. არაფერს ვამბობ იმდროინდელ ცენტრალურ პარკზე.
ნიუ იორკის კიდევ უფრო ნეგატიური და დამთრგუნველი პორტრეტი შემოგვთავაზა ორი ათეული წლის შემდეგ მარტინ სკორსეზემ ისტორიულ სურათში “ნიუ იორკის ბანდები” (2002), რომელიც საკმაოდ ზუსტად ასახავს XIX საუკუნის ქალაქის სასტიკ რეალობას. ნიუ იორკის არცთუ სახარბიელო სახე დაგვიხატა ასევე სერჯიო ლეონემ ქართული აუდიტორიისათვის საყვარელ ეპიკურ ტილოში “ერთხელ ამერიკაში”, სადაც მოთხრობილია XX საუკუნის 30_იანი წლების ებრაული წარმოშობის ამერიკელ განგსტერთა შესახებ. თუმცა, როგორც კინომცოდნე დეივიდ ტომპსონი წერდა, ფილმის კინოგმირები უფრო იტალიელებს წააგავდნენ, ვიდრე ებრაელებს. აღსანიშნავია, რომ ლეონეს იქამდე ჰქონდა შანსი გადაეღო განგსტერული ფილმი _ პირველად სწორედ მას შესთავაზეს “ნათლიის” გადაღება, მაგრამ რეჟისორმა რატომღაც უარი განაცხადა. უცხოელთაგან ასევე ლუკ ბესონმა შეძლო მშვენივრად გადმოეცა ნიუ იორკული სული თრილერში “პროფესიონალი” (1994).
“მეომრების” ნახვის შემდეგ მქონდა ოცნება საკუთარი თვალით მენახა ნიუ იორკი, ისევე როგორც JFK-ს აეროპორტში გაჭედილ ვიკტორ ნავორსკის ფილმიდან “ტერმინალი” (2004), რაც რამდენიმე წლის შემდეგ ამისრულდა კიდევაც.
ნიუ იორკი მაგნიტივით იზიდავდა და იზიდავს კინოს მესვეურთ. ხშირად ფილმებში მთავარი გმირი თვით ქალაქია და ის განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე ისეთ უსუსურ ნამუშევრებშიც კი, როგორიცაა “მოახლე მანჰეტენიდან” (2002), რომ არაფერი ვთქვათ არნოლდ შვარცენეგერის სადებიუტო ფილმზე “ჰერკულესი ნიუ იორკში” (1969). ქალაქის კინოისტორიას თუ გადავხედავთ პირველი დოკუმენტური კადრები ნიუ იორკში , 1896 წელს იყო გადაღებული მას “Herald Square” ერქვა. ხოლო დადგმულ ფილმებში პირველობას იჩემებს ხუთი წლის შემდეგ ედისონის მიერ გადაღებული “რა მოხდა 23-ე ქუჩაზე, ნიუ იორკში”. კამერა აფიქსირებს ჩვეულებრივ ნიუ იორკელებს, ამ დროს გამოივლის წყვილი და მიწის ქვეშ გამავალი მეტროსაგან მობერილი ჰაერი ქალს კაბის კალთებს აუწევს. ეს წუთნახევრიანი კლიპი იმითაც არის საინტერესო, რომ 54 წლის შემდეგ იგივე სიტუაცია, მაგრამ ბევრად უფრო უკეთესად, გაიმეორეს მერილინ მონროსთან მიმართებაში.
აქედან მოყოლებული ნიუ იორკი ამერიკული კინოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს გადასაღებ მოედნად იქცა. მსოფლიოს ამ დედაქალაქში, როგორც ნიუ იორკს ეძახიან, დადგმული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადრინდელი ფილმია “ჯაზის მომღერალი” (1927), რომელიც აგრეთვე პირველ ხმოვან ფილმად ითვლება. თუმცა სინამდვილეში იქ მხოლოდ სიმღერებია გახმოვანებული. ცნობისათვის, ერთ-ერთმა პირველმა ხმა გამოიყენა დეივიდ უორკ გრიფიტმა 1921 წელს, ასევე ნიუ იორკში გადაღებულ “ოცნების ქუჩაში”.
XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ნიუ იორკის მაშინდელმა მერმა ჯონ ლინდსეიმ (მან 1966 წელს მერიაში დააფუძნა ფილმის, თეატრისა და რადიომაუწყებლობის ოფისი) შეაგულიანა ჰოლივუდის მესვეურნი, რათა ბევრად მეტი ფილმი გადაეღოთ ნიუ იორკში (ეს კი, თავისთავად, ქალაქის ხაზინისთვის დიდი მოგებას ნიშნავდა). მართლაც, ქალაქისკენ დაიძრნენ კინემატოგრაფისტები და აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში იქ ბევრი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შეიქმნა. ნიუ იორკის მერიის მონაცემებით, ამერიკელი პროფესიონალი მსახიობების მესამედი ცხოვრობს და მოღვაწეობს Big Apple- ში, როგორც ნიუ იორკს უწოდებენ. ყოველწლიურად 100 ათასი ნიუ იორკელია დასაქმებული კინოინდუსტრიაში და ქალაქის ხაზინაში 5 მილიარდი დოლარის მოგება შედის.როცა ნიუ იორკის ქუჩებში დადიხარ, თავი ფილმში წარმოგიდგენია, იმდენად რეალურად და ნაღდად აქვთ ასახული და დანახული ამერიკელ კინემატოგრაფისტებს ეს განუმეორებელი, კოსმოპოლიტური, ინტერნაციონალური, საინტერესო, ჩამთრევი, სწრაფი და ეკლექტური ქალაქი. “ფანჯრიდან ვიყურები და ვხედავ სინათლეს, ჰორიზონტს, ადამიანებს ქუჩაში, რომლებიც აქეთ-იქეთ დარბიან საქმის, სიყვარულის და მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადის ორცხობილას საძებნელად და მათ შემხედვარეს გული ცეკვავს!” – წერდა რეჟისორი ნორა ეფრონი.
თავგადადებულ სინეფილთ ნიუ იორკის გაგონებისას თვალწინ წარმოუდგებათ ემპაირ სტეიტ ბილდინგზე შემოსკუპებული კინგ კონგი (1933); ლექსინგტონ ავენიუზე 51-ე და 52-ე ქუჩებს შორის მდგარი მერილინ მონრო, რომლის თეთრი კაბის კალთებს მიწის ქვეშ გრუხუნით გამავალი მეტროსაგან მობერილი ჰაერი აფრიალებს (ამ სცენის გადასაღებად უამრავი დუბლი და ფირი დაიხარჯა, რაშიც ბრალი პირველ რიგში იქ შეკრებილ ბრბოს და სექს სიმბოლოს მეუღლეს ჯო დი მაჯიოს ედება, რომელიც ყოველ ფრიალზე აღშფოთებას გამოხატავდა, ბრბოს საწინააღმდეგოდ, რომელიც აღფრთოვანებული ყვირილთა და სტვენით გადამღებ ჯგუფს ხელს უშლიდა მუშაობაში. ამან წყობიდან გამოიყვანა რეჟისორი ბილი უაილდერი და საბოლოოდ სცენა გადაიღეს XX Century Fox -ის სტუდიაში (“Seven Years Itch”, 1955); მეხუთე ავენიუსა და 57-ე ქუჩაზე მდებარე Tiffany -ს მაღაზიის ვიტრინასთან მდგარი Givenchy -ს კაბაში გამოწყობილი ოდრი ჰეფბერნი (“საუზმე ტიფანისთან”, 1961); დონ კორლეონეზე (მარლონ ბრანდო) თავდასხმის სცენა პატარა 128 Mott Street -ზე (“ნათლია”, 1972); მეგ რაიანის ყალბი ორგაზმის დემონდტრირება ბილი ქრისტალის წინაშე კაფე Katz’s Delicatessen -ში 205 East Houston Street-ზე (“როცა ჰარი შეხვდა სალის”, 1989); ფინალური შეტაკება უცხოპლანეტელ ხოჭოსა და ტომი ლი ჯონსსა და უილ სმიტს შორის 1964 წლის მსოფლიო გამოფენის პავილიონში ქუინსში (“კაცები შავებში”, 1997) და მრავალი, მრავალი სხვა.
ნიუ იორკში ყოფნისას ხშირად მიხდება მეორე და მესამე ავენიუ და Eასტ მე-60 ქუჩაზე, გავლა, რადგან იქვე ახლოს ჩემი უმცროსი შვილი ცხოვრობს (ამ რაიონში, ისევე როგორც მთელ მანჰეტენსა და ბრუკლინში, გადაღებულია ნაღდი ნიუ იორკელების ვუდი ალენისა და ნორა ეფრონის ბრწყინვალე სატირული და რომანტიკული ფილმები). იქ, ერთ კაფესთან, მე-60 ქუჩის 225 ნომერში ყოველთვის ხალხმრავლობა. შიგნით მოსახვედრად გრძელ რიგში მოგიწევთ ცდა. ეს განთქმული კაფე Serendipity -ია, სადაც ამავე სახელწოდების ფილმში ჯონ ქიუზეკმა და ქეით ბექინსეილმა შეუკვეთეს პოპულარული “გაყინული ცხელი შოკოლადი”. მიუხედავად იმისა, რომ კაფეს მაკეტი პავილიონში ააგეს და ბევრი სცენა იქ გადაიღეს, ლომის წილი მაინც კაფეში დაიდგა. იმ მაგიდას, სადაც მსახიობები უსხდნენ, ახლა “ვარსკვლავური მაგიდა” ჰქვია და ყველას სწორედ იქ სურს მიირთვას ცნობილი “შოკოლადი”.
კაფედან დასავლეთისაკენ თუ დაეშვებით (West Side -ზე ყოფნისას უნებურად “უესთ საიდური ისტორია” /1961/ მახსენდება ხოლმე –ბევრს ახსოვს ალბათ იქ აჟღერებული სიმღერა “America”) 59-ე ქუჩასა და მესამე ავენიუზე გადაგეღობებათ განთქმული მაღაზია Bloomingdale’s,, სადაც იმავე Serendipity -ის ეპიზოდია გადაღებული. მაგრამ ჩემთვის ეს ადგილი ასოცირდება ფილმთან “მოსკოვი ჰუდზონზე” (1984), სადაც საბჭოთა ცირკის მუსიკოსი (რობინ უილიამსი) ამერიკაში დარჩენას სწორედ ამ უნივერმაღში გადაწყვეტს. მშვენივრად არის დადგმული სცენა, როცა უილიამსს დასაჭერად დასდევს “კაგებეშნიკი” საველი კრამაროვი და შემდეგ კი მუხლებზე დაჩოქილი სთხოვს უკან დაბრუნებას.
გაგრძელება იქნება…