საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აღნიშნა, სამაგალითოა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი.
“განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის – რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, იმისთვის რომ თქვენს გვერდში ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი”, – განაცხადა კონოლიმ.
კონგრესმენმა ასევე ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
“ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს, და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატოს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო; რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლისთვის – რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ, თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც”, – განაცხადა კონოლიმ.