საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების – კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა.
მიღებაზე სიტყვით გამოსვლა გიორგი კვირიკაშვილმა ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე საუბრით დაიწყო, რომელიც რეაბილიტაციის კურსს ვაშინგტონში გადის.
„დღეს, „ვოლტერ რიდის“ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მოვინახულე – მეომარი, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაიჭრა. დიდებული ახალგაზრდა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და თავისი მისია. მან მითხრა: „ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი – ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა“. მინდოდა ეს თქვენთვის გამეზიარებინა, შემეხსენებინა, რომ ჩვენ ამ ჯარისკაცებთან ვალში ვართ, იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას იცავენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ისეთი გმირებით, როგორიც არის ივერი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ სწორედ ის, რაც ჩვენ ჩვენს საერთო მისიებში ერთ ოჯახად გვაქცევს. ჩვენი მებრძოლები ამაყობენ, რომ მსახურობენ აშშ-ის მებრძოლებთან ერთად. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამებრძოლებად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში შეტანილი წვლილით ამაყობს საქართველო, რომელმაც ამ კონფლიქტებში, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
„ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო არსი. დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში, რომელიც ჩვენ 1991 წელს მოვიპოვეთ, საქართველომ მოიმკა კონგრესის – თქვენი და თქვენი წინამორბედების ძალისხმევის შედეგები, რომლებმაც კონგრესში ჩამოაყალიბეთ თანამოაზრეთა დიდებული ერთობა საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის სახით. თქვენ და თქვენი კოლეგები ჩვენთვის ჩაერიეთ ბევრ კონფლიქტში და წარმომიდგენია, რამდენი პოტენციურად მომაკვდინებელი აფეთქება ჩანასახშივე ჩააქრეთ. ქართველი ხალხის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ამ სახის ჩართულობისთვის და ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.
მისი თქმით, რეფორმირების და განვითარების პროცესში, საქართველოს უდიდესი დახმარება გაუწიეს ისეთმა ამერიკულმა ინსტიტუტებმა, როგორებიცაა – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც რეგიონში საუკეთესოა.
„ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. მადლობა კონგრესის საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფს! ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა დავძლიეთ. წინ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ გვამოძრავებს ერთიანი მუხტი, რომელსაც მივყავართ კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და მშვიდობიანი მომავლისკენ“,_განაცხადა კვირიკაშვილმა.