ამ წუთებში მეტრო “რუსთაველთან” მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სამუშაო საათებში მათ გაფიცვის უფლება არ აქვთ.
“გაფიცვა სამუშაო საათებში გვინდა, სახლში, რომ მივალ საკუთარ ოჯახს, ხომ არ გავეფიცები?”, – აცხადებენ შეკრებილები. მემანქანეების მთავარი მოთხოვნა ისევ რჩება ხელფასის 45% გაზრდა.
აქციაზე იმყოფებიან „თეთრი ხმაურის“, „აუდიტორია 115“-ის, პროფკავშირების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციები .
“უნდა ითქვას რომ ჩვენ დღეს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ მოქალაქეებს. ეს ადამიანები უზრუნველქოფენ ქალაქში იმ უზარმაზარ წესრიგს, რომელიც სახეზეა და თავის ბინძური მეთოდებით ებრძვის საქართველოს ხელისუფლება.
ჩვენ ვიცით, რომ ეს აქცია არის ლეგიტიმური და მიმართულია იმისკენ, რომ ამ ადამიანებს ქონდეთ ოთახი, სადაც ეყოლებათ თავიანთი შვილები და ქონდეთ შვილეისთვის საკვების მიტანის საშუალება. სულ 250 მემანქანე გვყავს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი საშუალო ასაკი 65-წელს ზევით არ მიდის. ამ ადამიანებს სჭირდებათ დაფასება. უნდა დაკმაყოფილდეს მათი მათი მოთხოვნები და ხელფასი ერთ საათზე 7-დან 10 ლარამდე უნდა გაეზარდოთ”, _ ითქვა აქციაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.