გორის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და თავისი სიტყვები უკან წაიღო.
კაპანაძეს განცხადებების უარყოფა გორის რაიონულმა სასამართლომ 26 აპრილს დააკისრა.
როგორც ცნობილია, მერის მოადგილემ ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძეს 2017 წლის სექტემბერში პროვოკატორი უწოდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, რომ თითქოს ჟურნალისტი “შენების მოძრაობის” ინტერესებს ატარებდა, რის გამოც მიქელაძემ სასამართლო დავა 2017 წლის ნოემბერში წამოიწყო.
ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.
როგორც გელა კაპანაძე აცხადებს, ფრაზა, რომელიც გასული წლის 21 სექტემბერს ინტერვიუს ჩაწერის დროს გამოთქვა, სპონტანური იყო:
“ქართული ოცნების” ოფისში 2017 წლის 21 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს ადგილი არ ჰქონია მალხაზ მიქელაძის მხრიდან ჩემს პროვოცირებას და აღნიშნული ფრაზა იყო სპონტანურად გამოთქმული მოსაზრება, რომელიც მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო და მალხაზ მიქელაძის, როგორც პიროვნულ, ისევე, პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვას არ ემსახურებოდა”, _ თქვა კაპანაძემ.
მალხაზ მიქელაძის თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ, ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს:
“ძალიან სასიხარულოა, რომ გელა კაპანაძე გონს მოეგო და უკან წაიღო ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელსაც გასულ წელს ჩემი მისამართით აკეთებდა. შეიქმნა პრეცედენტი და ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ, ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს, რათა მათ უკვე იციან, რომ სასამართლომ, შესაძლოა, განცხადებების უკან წაღება დააკისროს”, – ამბობს მიქელაძე.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სამწუხაროდ, ჟურნალისტების და არამარტო ჟურნალისტების მიმართ, უსაფუძვლო ბრალდებები საკმაოდ ხშირია.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძესგან ბოდიშის მოხდას ითხოვს _ მან გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა, რომ “გურია ნიუსი” ათას სისულელეს წერს”, თუმცა, ჩვენ მიერ დაწერილი “სისულელის” ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა.
სამწუხაროდ, თოთიბაძე ჯერჯერობით, ჩვენ მოთხოვნას არ გამოხმაურებია, ამიტომ თუ ის საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს, “გურია ნიუსი” იძულებული გახდება, სასამართლოს მიმართოს!
ამავე თემაზე:
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მერის მოადგილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს!