საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ზეიმი ოზურგეთის ქუჩებში და ცენტრალურ მოედანზე, „ჭადრების ბაღში“, ხალხმრავლობით გამოირჩევა. თვალსაჩინო ადგილზეა მოთავსებული ამ დღისთვის შექმნილი სპეციალური ლოგო _ ვიზუალური სიმბოლო „100“.
ახლგაზრდებსა და მოზარდებს განსაკუთრებით საქართველოს შეიარაღებული ძალების, სენაკის ქართული ბატალიონის შეიარაღება მოსწონთ და ინტერესით ათვალიერებენ. საბრძოლო ტექნიკას ჯარისკაცები აცნობენ სხვადასხვა საბრძოლო იარაღს.
ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა „ხატვის გაკვეთილი“ ღია ცის ქვეშ, ძირითადად მზეს, ყვავილებს, თავისუფლებას და ნაირფერ ბურთებს უკავშირდება. ხატავენ ნათელი ფერებით და სიმბოლოებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ , ოფიციალური სტრუქტურიდან, პირველმა ისაუბრა ჩვენთან:
_ გილოცავთ ყველას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, გურიას, თითოეულ ქართველს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. ეს უდიდესი მოვლენაა და ამაღლებულ განწყობას გვძენს. ყველაფერი იქნება უკეთესად. სხვა უფლება არ გვაქვს, _ გვითხრა მან.
_ მე მერე გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ.
_ გამორჩეული საზეიმო დღეა, გამარჯვებების დაბედების დღეა, ყველას გილოცავთ. ვეცდებით, მომდევნო წელს მოვიპოვოთ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა და მომავალ 101-ე წლის იუბილეზე ამითაც გაგახაროთ, _ გვითხრა ოზურგეთის ტაიკვანდოს სკოლის მწვრთნელმა, შავი ქამარი მესამე დანის მფლობელმა ირაკლი ტუღუშმა.
დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას განსაკუთრებით, წიგნისკენ მიბრუნება მიულოცა ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ.
-მიხარია დღევანდელი დღე, ეს არის ქართველი ხალხის ნების მრავალსაუკუნოვანი გამოხატულების ახდენილი ოცნება. ასევე ძალიან მიხარია წიგნის სიყვარულის ტენდენციის ზრდა ახალგაზრდებში. თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ხომ წიგნზე გადის. ყველას ვულოცავ და ბედნიერ საქართველოში ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ, _ თქვა მან.
ოზურგეთის კულტურის ცენტრის რეკრეაციული განყოფილების გამგემ ინგა დუმბაძემ ორიგინალური ნატვრა გაგვანდო:
_ვულოცავ სრულიად საქართველოს ა დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, იმ საზღვრებში დაბრუნებას, რომელშიც დედაღვთისმშობელს ჩაბარდა .
სენაკის ბატალიონის ჯარისკაცებმა ირაკლი მჟავანაძემ და ავთო სურმანიძემ სამხედრო სამსახურში ყოფნის 12 წლიან ჯარისკაცულ ცხოვრებაზე მოკლედ გვითხრეს და აღნიშნეს, რომ კიდევ დიდხანს აპირებენ საქართველოს სამსახურში ყოფნას, სამხედრო მოსამსახურის პოზიციაზე _ „ჩვენ სამშობლოს ჯარისკაცები ვართ, არაერთ სამშვიდობო მისიაში ვყოფილვართ. ადრეული ასაკიდან ვმსახურობთ არმიაში, უკვე12 წელია აქ ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე. გილოცავთ ყველას ამ ბედნიერ, თავისუფლების მოპოვების 100 წლის იუბილეს“.
ოზურგეთის ცენტრში ქართულ ჩოხასა და კაბაში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა საიუბილეო გამოსახულების მქონე სიმბოლური საჩუქრები დაარიგეს.