სამწუხარო რეალობაა, რომ ქართულმა ფეხბურთმა თავისი წლობით ნაშენები რეპუტაცია ქარს გააყოლა. რამდენ ახალგაზრდასთან მისაუბრია და ჩემდა სავავალოდ აღმოვაჩინე რომ ახალ თაობას თბილისის „დინამოს“ ადრინდელი წარმატებებისა კი გაუგია, მაგრამ ეს ყოველივე მაინც უფროსების მოგონილ ზღაპრად მიაჩნია. არ დამავიწყდება ერთ 15 წლის ბიჭუნასთან კამათი. ეს ყმაწვილი ლეო მესის „ფანია“. რამდენიც არ ვუმტკიცე რომ სამხრეთ ამერიკელს ჩვენი დათო ყიფიანი ჯიბეში ჩაისვამდა, მაინც ვერაფერი შევასმენინე. უფრო მეტსაც გეტყვით. ერთმა ახალგაზრდა სპორტულმა ჟურნალისტმა გოგონამ შემდეგი „ისტორიული“ წინადადება „მაჯახა“: „თბილისში ესპანეთის ეროვნული გუნდი რომ ჩამოვიდა მე სტუმრებს ვგულშემატკივრობდიო“. ეს ის „დიაცია“ რომელსაც რამდენიმე წლის წინ „დინამოს“ სტადიონზე, ინიესტას ნომრიანი მაისური ემოსა და საყვარელ „გუნდს“ მხურვალედ ქომაგობდა.
უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ გერმანიის ნაკრები თბილისში გვეწვია. ამ გუნდის სტუმრობა სასიამოვნო ფაქტი გახლდათ, მაგრამ ყველაფერი გადამეტებულიც არ ვარგა. მსოფლიო ჩემპიონების ადგილობრივ გულშემატკივრებს რომ ვუყურებდი ჩემი თავი სადღაც ბურკინა ფასოში თუ ეთიოპიაში მეგონა. პაიჭაძის, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ყიფიანისა თუ შენგელიას ქვეყნის შვილებს იოახიმ ლიოვის ბიჭებისთვის ასეთი პომპეზური დახვედრა არ უნდა მოეწყოთ (რასაკვირველია გულშემატკივართა დიდი ნაწილი მხედველობაში არ მყავს). ყოფილიყო თავის დროზე საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, იგივე მსოფლიო პირველობებზე ჩინებული შედეგები გვექნებოდა.
რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სპორტულ ფორუმებს ვესტუმრე და თანამედროვე ქართული ფეხბურთის მდგომარეობის შესახებ გულშემატკივრების მოსაზრებებით დავინტერესდი. იქ რამდენიმე საინტერესო „მონოლოგი“ ამოვიკითხე.
„ხომ მაგარი ფეხბურთელები გვყავდა, ძმებო! შეიძლებოდა მაშინ თამაში გაგვეცდინა? მოვიგებდით, სიხარულით ყვიროდა 80 ათასი კაცი სტადიონზე, “დინამო”, “დინამო”. წავაგებდით? მოვდიოდით ფეხით ან სადგურის ქუჩით, ანდა ვახუშტის ხიდია რომაა. პატარა ხიდი იყო იქ, ვინც საბურთალოზე ცხოვრობდა და გულს ვიქარვებდით საუბარში. ახლა? თუ გული არ შეგტკივა, ვის უნდა უგულშემატკივრო?“
„ასეთი სიტუაცია მოგვესწრება როდესმე? 1976 წლის 26 სექტემბერია, სტუდენტი ვარ, იხსნება გარემონტებული სტადიონი. თამაში გვქონდა უელსის „კარდიფ-სიტისთან“, შესვლა გვინდა ბიჭებს, მაგრამ სადაა ბილეთი. იმდენი მოვახერხეთ, რომ უკანა მხრიდან წვეტიანი რკინებით უზარმაზარი ჭიშკარი რომ იყო და არის მგონი ახლაც, იმაზე გადავძვერით, შევედით მარა რათ გინდა, დასაჯდომი ადგილი არსად არის, ბოლოს პირველ და მეორე იარუსებს შორის, რომ მოაჯირივითაა რაღაც იმაზე დავდექით, გაჭედილი იყო ხალხით ის ადგილიც, ნახევარ სტადიონს ძლივს ვხედავდით, მარა მაინც კარგი იყო, 3:0 მოვიგეთ“.
„აუუუ, ჩელეს პენალტები… ზღააპარია. გამოვიდნენ მესი, რონალდუ და სხვა კორიფე ფეხბურთელები და დაარტყან ჩელესებური პენალტები, თუ რამის თავი აქვთ. ბურთს ისე ნელა გაუგორებდა, მეკარე ლამის იყო მეორე ნახტომს ასწრებდა“.
„მართლა სასწაული იყო დათო, ფენომენი, რომელიც არასწორ ადგილას და ცუდ დროს დაიბადა…“
„წარმომიდგენია ეხლა რომ გვყავდეს ყიფო, უეჭველი რომელიმე მსოფლიო გრანდში ითამაშებდა“.
ნება მომეცით გუნება გამოგიკეთოთ და მოულოდნელი გადახვევა გავაკეთო. იგივე ფორუმზე გულშემატკივართა ერთი ჯგუფი რუს კომენტატორებსა და მათ „ფრთიან გამონათქვამებს“ იგონებდა. თავის დროზე ეს ფრაზები გულშემატკივრებს შორის ფრიად გავრცელებული გახლდათ. ამ „მარგალიტებმა“ ახალგაზრდობაში დამაბრუნა და სახალისო განწყობაზე დამაყენა. იმედია ამ წერილს ფეხბურთის „სტაჟიანი“ გულშემატკივრებიც წაიკითხავენ და ჩემსავით წარსულს ერთგვარი „ნოსტალგიით“ გაიხსენებენ.
„მასლაჩენკო: – „კიპიანი სიგრალ ვ სტილე გავრილოვა“.
„1982 წელს, ბრაზილია-სსრკ. ნიკალაი ოზეროვი „ღნაოდა“, ესპანელი გულშემატკივრები ხულიგნობენო – „ვოტ ლეტიატ ვ სტორონუ დასაევა ლეტაიუშჩიე ტარელკი ი რაზნიე ნეოპოზნანნიე პრედმეტი“.
„ოზეროვს აქვს ნათქვამი 1982 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებზე – „ბრაზილცი რაზიგრალი კომბინაციუ ვ სტილე „სპარტაკა“.
„მასლაჩენკოს მიჰყავდა პელეს 50 წლის საიუბილეო მატჩი. რეპორტაჟის დროს პელე ქუსლით აკეთებს გადაცემას მოედნის ცენტრში. მასლაჩენკო ამბობს: „პელე სიგრალ ვ სწილე სტრელცოვა“.
„ოზეროვს მიაწერდნენ: – ვშტრაფნოი „სპარტაკა“ დემიანენკო, რაც ი ბალ”. ახლა ეს ფრაზა სწრაფად წაიკითხეთ და მუღამს მიხვდებით“.
„ნამდვილი ამბავია – ბიძაჩემი შეხვდა კისლოვოდსკში ოზეროვს, ცეკას სანატორიუმში. ერთ საღამოს ცოტა დაულევიათ და ერთ-ერთი სადღეგრძელო პირადად პაიჭაძის შეუსვია ოზეროვს, თან ერთი წინაპირობა ჰქონია – ოთხნი ისხდნენ სუფრასთან და ყველას ფეხზე წამოდგომა მოსთხოვა… წამოდგნენ ესენიც და “ია პიუ ზა ბორისა სოლომონოვიჩაო”, ფეხზე კი იმიტომ წამოგაყენეთ, რომ ღმერთის სადღეგრძელოს დალევა სხვანაირად არ შეიძლებაო – “ტოსტ ზა ბოგა სიდიაჩიმ პიტ ნელზია”.
„სხვათა შორის, მასლაჩენკოზე მაგარი შოვინისტი არცერთი რუსი კომენტატორი არ იყო მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში სადღაც რამდენიმე წლის წინ, სადაც 1982 წლის ჩემპიონატის იყო საუბარი მასლაჩენკომ თქვა – „მთელ საბჭოთა კავშირში არავინ გამოჩნდა გინდაც ჩინოვნიკი, გინდაც ვინმე გავლენიანი ადამიანი ვინც თბილისში ჩავიდოდა და ყიფიანს წამოიყვანდა მსოფლიო ჩემპიონატზეო“.