სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარი შესთავაზა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის _ 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი დაკავება არ არის _ რომ მიმდინარე წლის 29 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს, ირაკლი ხ-ს და რამაზ კ-ს., საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას. გენო ქ-მ, ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2018 წლის 29 მარტს გენო ქ. ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით.
ამ შემთხვევაში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
ამ ხმაურიანი დაკავებების შემდეგ კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა გურამ ასათიანმა.
ამავე თემაზე: კორუფციული სქემა და ფინანსური მაქინაციები _ რას სწავლობს ანტიკორუფციული სამსახური ოზურგეთში
“ერთი კუბური მეტრი ხრეში გვინდა“_ ბიზნესწილები თუ ფულის გამოძალვა ჩინოვნიკების სახელით