ფრაქცია ,,ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილზე სააკაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც ნოზაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა. ამასთან, ნოზაძის თქმით, სააკაშვილი ცდილობს სიტუაცია არიოს და უსაფუძვლო ბრალდებებით მიიქციოს ყურადღება.
,,შოთა არის ქართული წესითა და რიგით გაზრდილი კაცი, ქართული მენტალიტეტისა და ცნობიერების მატარებელი, ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლა აპირებს დაიწყოს კლინიკის მშენებლობა, სადაც უფასოდ უმკურნალებს ბავშვებს. რა პრობლემა აქვს ამერიკაში არც მე ვიცი, ახალგაზრდა კაცი იყო და შეიძლება, რამე შეეშალა, მაგრამ ამაზე თავად ბატონი შოთა გაგცემთ პასუხს. გეტყვით, რომ შოთა მოზომილი, ფრთხილი კაცია და ასეთ რამეებთან ურთიერთობა არ აქვს. მგონია, რომ ექსპრეზიდენტი ამას იყენებს სიტუაციის ასარევად. მისი აქცენტები ბატონ ბიძინასკენ იყო მიმართული, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია“,_გვითხრა ნოზაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ქართული ოცნების“ დეპუტატ შოთა შალელაშვილს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმაში შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა.