გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
“განვიხილეთ გურიის რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და ისრაელის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრებაზე. ჩვენ, სექტემბერში, ისრაელის დელეგაციასთან ვგეგმავთ კიდევ ერთ შეხვედრას, სადაც გადაწყდება კონკრეტული ქალაქი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაუმეგობრდება.
შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე“, _ განაცხადა გუბერნატორმა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დაბა ჩოხატაურში სასტუმრო „პაგიო“ გახსნეს, რომლის ინვესტიციაც 250 000 ლარს შეადგენს. სასტუმროში დასაქმებული არიან ადგილობრივები.
მოგვიანებით, სტუმრები ჩოხატაურის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრში გამართულ ჭიდაობის ტურნირს დაესწრნენ, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. (R)