ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 32 წლის ეკატერინე ახვლედიანი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 26 მაისის ღონისძიებაში მისი ნამუშევრების გამოფენა უნდა შემდგარიყო, მაგრამ მოგვიანებით ეს არ მოხდა.
ეკატერინე ახვლედიანი მეუღლესთან ერთად ხისგან სხვადასხვა ნაკეთობებს აკეთებს. ამ ხელობით დიდი ხანია დაინტერესებული არიან.
“ჩემი დეიდაშვილი იყო მოწვეული გამოფენაზე და მან მითხრა, რომ მეც წარმედგინა ჩემი ნამუშევრები. ორგანიზატორებთან შევთანხმდით და 26 მაისს წავიღე ხელნაკეთი ნივთები. ორგანიზატორები დამეხმარნენ ნივთების წაღებაში. როდესაც სამხატვრო გალერიის წინ მივედით, მითხრეს, რომ ჩემი ნამუშევრების ადგილი არ იყო და უკან უნდა დამებრუნებინა. ასეთ რამეს ვერ გავიტანთ გამოფენაზეო, _ ეს მითხრეს და ძალიან მეწყინა. რამდენიმე ნამუშევარი მოეწონათ და მითხრეს ეს დაგვიტოვეთო, მაგრამ მე უარი ვთქვი.
ორგანიზატორებს ვთხოვე ეს გამოფენა ჩემთვის მნიშვნელოვანია და იქნებ სხვა ადგილი მომცეთ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. ჩემი შვილი ავად არის, ეს ყველამ იცის და იქნებ ამის ხათრით მაინც დამითმოთ ადგილი-მეთქი _ ამაზეც უარი მივიღე. მხოლოდ ის მითხრეს, რომ 1 ივნისს გამოიტანეთო თქვენი ნამუშევრები და დაგითმობთ ადგილსო.
თუ ჩემი ნამუშევრები არ მოწონდათ, ადრე ეთქვათ და საერთოდ არ მივიდოდი. გული მეტკინა და ასე გულნატკენი წამოვედი სახლში. ეს იყო გამოფენის პირველი მცდელობა და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მინდოდა, რომ ჩემი ნამუშევრები ენახა ხალხს. იმედია, 1 ივნისს მაინც მოხერხდება“, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ეკატერინე ახვლედიანმა.
ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ ნადირიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.
“ეკა ახვლედიანის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები არ ჯდებოდა 26 მაისის კომპოზიციაში, აქედან გამომდინარე შევთავაზეთ 1 ივნისს ღონისძიებაში მონაწილეობა, რაზეც შევთანხმდით“, _ გვითხრეს ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანებაში.“